სავარაუდო პოლიტიკური მოტივაციის მქონე საქმეებზე საიამ ევროპულ სასამართლოში წერილობითი არგუმენტაციები წარადგინა

2017 წლის 8 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინა წერილობითი არგუმენტაცია მის წარმოებაში არსებულ 3 საჩივარზე: ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, კალანდია საქართველოს წინააღმდეგ და შუბითიძე საქართველოს წინააღმდეგ. აღნიშნული საქმეები შეეხება სავარაუდო პოლიტიკური მოტივაციით მომჩივანთა მსჯავრდებას ნარკოტიკული ან/და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისათვის 2010-2012 წლებში.

2009-2012 წლებში საქართველოში იმატა იმჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირთა და ოპოზიციის აქტივისტების დაკავების ფაქტებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ფლობის ბრალდებით. საიამ 2011 და 2012 წლებში მოამზადა და გამოაქვეყნა კვლევა „სავარაუდო პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები“. კვლევაში განხილულმა საქმეების სამართლებრივმა ანალიზმა გამოავლინა სერიოზული ხარვეზები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებისას ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ, რომლებიც ხელისუფლების შესაძლო ოპონენტებად შეიძლება ჩაითვალონ.

 

წინამდებარე საქმეებში: ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, კალანდია საქართველოს წინააღმდეგ და შუბითიძე საქართველოს წინააღმდეგ გამოვლენილი დარღვევები იდენტურია 2011 და 2012 წლების საიას კვლევაში გაანალიზებული საქმეებისა.   მომჩივნები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ 2009-2011 წლებში ოპოზიციური პარტიების მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებში. ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივრებში საია ასაბუთებდა, რომ მომჩივნებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა  მათი პირადი ჩხრეკის დროს ცეცხლსასროლი იარაღი და/ან ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს, ხოლო მათი მსჯავრდების მოტივს სწორედ, მათი პოლიტიკური შეხედულებები წარმოადგენდა.

 

მოცემულ საქმეებზე საჩივრები ევროპულ სასამართლოში 2010 და 2012 წლებში გაიგზავნა.  2016 წლის 23 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეებზე საქართველოს მთავრობას შეკითხვებით მიმართა და არგუმენტების წარმოდგენა დაავალა. მთავრობამ ევროპული სასამართლოს კომუნიკაციას 2017 წლის 15 იანვარს უპასუხა, რის შემდეგაც საიამ, როგორც მომჩივნების წარმომადგენელმა, 2017 წლის 8 მარტს ევროპულ სასამართლოს თავისი პოზიცია წარუდგინა.

 

ევროპულ სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში ვამტკიცებთ, რომ მომჩივნების მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მუხლების დარღვევას შემდეგი მიზეზების გამო:

 

- მომჩივანთა პირადი ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობის რეჟიმში, თუმცა, დადგენილებები გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას ჩხრეკის გადაუდებელ რეჟიმში ჩატარების აუცილებლობის შესახებ. ამასთან, ეროვნულმა სასამართლოებმა ისე დააკანონეს ჩატარებული ჩხრეკები, რომ არ იმსჯელეს, რეალურად არსებობდა თუ არა საქმეში გადაუდებელი აუცილებლობა.

- მოცემულ საქმეებში არ არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობის ან/და დასაბუთებული ვარაუდის (2009 წელს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული) სტანდარტი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს მომჩივანთა პირადი ჩხრეკის ჩატარების უფლებას მისცემდა.

- გადამწყვეტი მტკიცებულება, რომელსაც ეფუძნება მომჩივანთა მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები მოპოვებული იქნა კანონის დარღვევითა და ბრალდების მხარის ექსკლუზიური ძალაუფლების ქვეშ, ისე რომ მომჩივნებს არ მიეცათ შესაძლებლობა, ესარგებლათ დაცვის პროცესუალური გარანტიებით. კერძოდ, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა საგამოძიებო მოქმედების დროს დამსწრის მოწვევის უფლებას, რომელიც წარმოადგენდა ერთგვარ დამცავ მექანიზმს პოლიციელთა შესაძლო თვითნებობის თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად ამისა, პირადი ჩხრეკის ჩატარების დროს პოლიციელებმა მომჩივნებს არ მისცეს დამსწრეების მოწვევის საშუალება და ჩხრეკა მხოლოდ პოლიციელთა მონაწილეობით ჩატარდა.

- ეროვნულმა სასამართლოებმა საფუძვლიანად არ შეისწავლეს მომჩივანთა არგუმენტაცია პოლიციელთა მხრიდან უკანონო ნივთების ჩადების ფაქტთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენდა პრაქტიკას ხელისუფლების შესაძლო ოპონენტების სისხლის სამართლის საქმეებში.

 

            ევროპულმა სასამართლომ  ზემოაღნიშნული არგუმენტაცია საქართველოს მთავრობას გადაუგზავნა და საიას პოზიციაზე  დამატებითი მოსაზრებების წარსადგენად ვადა 2017 წლის 7 აპრილამდე განუსაზღვრა. აღნიშნული პერიოდის შემდგომ ევროპული სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საიას საჩივრებზე. ამასთანავე, ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის კონკრეტული ვადები არ გააჩნია. 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge