საია იცავდა კომპანია „თბილისი ენერჯიში“ დასაქმებულ პირს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მიიღო ტრავმა. მოსარჩელე მუშაობდა აღმრიცხველის თანამდებობაზე. სამუშაოს შესრულებისას, აივნის მოულოდნელი ნგრევის შედეგად, მან მიიღო მარცხენა წვივის ძვლების ღია მოტეხილობა, მარცხენა ლავიწის ძვლის მოტეხილობა. პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია - წვივის ძვლების ოსტეოსინთეზი.
მოსარჩელეს 2019 წლის ივნისში უვადოდ დაუდგინდა ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, 2021 წლის ივლისში კი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგინდა, რომ მოსარჩელის ამჟამინდელი მდგომარეობა დაკავშირებულია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებულ დაზიანებებთან. დასაქმებულს დაუდგინდა საერთო შრომის უნარის მყარი დაკარგვა 25%-ით.
მოთხოვნის მიუხედავად დამსაქმებელი უარს აცხადებდა დაზარალებული თანამშრომლისთვის ზიანის ანაზღაურებას. შესაბამისად, საჭირო გახდა სასამართლოში სარჩელის შეტანა შპს „თბილისი ენერჯის“ წინააღმდეგ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიას ყოფილი თანამშრომლის სასარგებლოდ, დაეკისრა სარჩოს გადახდა 2019 წლის ივნისიდან საპენსიო ასაკს მიღწევამდე. მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნებს არ ეთანხმებოდა, რადგან მიაჩნდა, რომ მოთხოვნები იყო ხანდაზმული. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხანდაზმულობის ვადის ათვლა მოცემულ მომენტში უნდა დაიწყოს არა უშუალოდ უბედური შემთხვევის დადგომის მომენტიდან (2010 წლიდან), არამედ - იმ თარიღიდან, როდესაც პირს უვადოდ დაუდგინდა ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი. გადაწყვეტილების მიხედვით, კომპანიას ყოფილი თანამშრომლისთვის სარჩოს ანაზღაურება მოუწევს საპენსიო ასაკამდე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge