თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა პაპუნა უგრეხელიძის მიერ ეკა მესხიძის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე.
პაპუნა უგრეხელიძე ითხოვდა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფას. კერძოდ, სარჩელი ეფუძნებოდა ეკა მესხიძის მიერ სხვადასხვა ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებებს, სადაც იგი სექსუალური შევიწროების ისტორიას ყვებოდა. მათ შორის, მსხვერპლი მასზე განხორციელებულ შევიწროებას აფასებდა როგორც მასზე მომხდარ [ფსიქოლოგიურ] ძალადობას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მსხვერპლს ინტერვიუებში გაკეთებული ზოგიერთი განცხადების უარყოფა დაავალა. მსხვერპლის მიერ გავრცელებული ცნობების ნაწილი შეიცავდა აზრებსა და შეფასებებს, რაც მოქმედი კანონმდებლობით დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. რაც შეეხება ფაქტებს, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურება ეკა მესხიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მსხვერპლს მისი უარყოფა დაავალა. საია მიიჩნევს, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და ქმნის იმის საფრთხეს, რომ მსხვერპლებმა სექსუალური შევიწროებისა და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ საჯაროდ არ ისაუბრონ. დღევანდელ გადაწყვეტილებას საია სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და გააგრძელებს მსხვერპლის ინტერესების დაცვას.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო არ განიხილავდა პაპუნა უგრეხელიძემ განახორციელა თუ არა სექსუალური შევიწროება. აღნიშნული გარემოება უკვე დადგენილია სახალხო დამცველის მიერ, რაც გასაჩივრებას არ ექვემდებარება. კერძოდ, შევიწროება და სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია სახალხო დამცველმა 2017 წლის 03 მაისს დაადგინა. სახალხო დამცველის დასკვნის თანახმად, პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფამილიარული ტერმინოლოგიის გამოყენებას, მუქაროს შემცველ სმს ტექსტებს და ა.შ. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთაგან მოპოვებული ინფორმაციისა და მოპასუხესთან გასაუბრებიდან გამოკვეთილი ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნია, რომ პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა, ერთი მხრივ სქესის ნიშნით შევიწროებას, რაც გამოიხატებოდა მსხვერპლის შეურაცხყოფასა და დამამცირებელ სამუშაო გარემოს შექმნაში, და მეორე მხრივ, ვერბალური ფორმით სექსუალურ შევიწროებაში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge