სასამართლომ საყდრისი - ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება შეაჩერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეების კახა კოჟორიძისა და დალი მამულაშვილის შუამდგომლობა და შეაჩერა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კომპანია ,,RMG Gold’’ -მა საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება მიიღო. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით კომპანიას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისი-ყაჩაღიანში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით სამუშაოების წარმოება ეკრძალება.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეების ,,პოზიცია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეუჩერებლობით, შესაძლოა მოხდეს ზემოაღნიშნული ობიექტის დაზიანება, რის გამოც შეუძლებელი იქნება მისი პირვანდელი მდგომარეობისა და არქეოლოგიური ღირებულების აღდგენა, შესაბამისად, შეუძლებელი იქნება იმ ინტერესის დაცვა, რომლის დასაცავადაც მოსარჩელეებმა წარადგინეს სასამართლოში სარჩელი’’.
სასამართლომ მიუთითა, რომ ,,განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ზემომითითებული ობიექტის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რომელიც განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ თუ არქეოლოგიურ ღირებულებას. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების მიუღებლობის პირობებში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება, ვინაიდან აღარ იარსებებს დავის საგანი’’.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო წარმომადგენლობას საია ახორციელებს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge