სასამართლომ სახელმწიფოს მოქალაქისგან უსასყიდლოდ მიღებული მომსახურების ანაზღაურება დაავალა

2016 წლის ივლისში, საიას მომართა მოქალაქემ, რომელმაც განაცხადა, რომ იგი წლების განმავლობაში ჩართული იყო საამშენებლო ბიზნესში და აწარმოებდა დაკვეთით შესაბამის სამუშაოებს. მოქალაქის განმარტებით, იგი 2011 წელს, დაიბარეს სამართალდამცავ უწყებაში და განუცხადეს, რომ მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, თუ იგი მისი ნებით ქუთაისში შეასრულებდა 200 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოებს. შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შიშის გამო, პირი დაეთანხმა შემოთავაზებას და მასთან 2012 წელს დაიდო შეთანხმება, რომლის საფუძველზე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე განხორციელდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი-სენაკი-ლესელიძის 231 კმ-ის სარემონტო სამუშაოები. ზემოაღნიშნული საავტომობილო გზის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახით.

საიას დახმარებით, მოქალაქემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შესაბამისი სარემონტო სამუშაოების ანაზღაურება სახელმწიფოსგან. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე წარმატებით დასრულდა. კერძოდ, მოპასუხე საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ 171.000 ლარის გადახდა დაევალა. მოწინააღმდეგე

მხარის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო და შემდეგ საკასაციო წესით. საკასაციო სასამართლოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სახელმწიფომ მოუწევს მოსარჩელისთვის შესაბამისი თანხის სრულად ანაზღაურება.

მოსარჩელის ინტერესებს სამივე ინსტანციის სასამართლოში საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატი იცავდა.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge