ირაკლი ხოფერიას მიმართ განხორციელებული წამების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სრულად გაიზიარა საიას პოზიცია, გააუქმა ქ. თბილისის პროკურორის დადგენილება და აღუდგინა ირაკლი ხოფერიას დაზარალებულის სტატუსი. მოსამართლემ ასევე დაავალდებულა პროკურატურა, გააგრძელოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
საია მიესალმება მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას. მოვუწოდებთ მთავარ პროკურატურას, რომ საქმის გამოძიება გადაეცეს უშუალოდ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, რადგანაც ქ. თბილისის პროკურატურის მხრიდან გამოვლინდა აშკარა მიკერძოების ფაქტი პოლიციელთა ჩვენებების მიმართ და უგულებელყოფილ იქნა აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს პოლიციელთა მხრიდან დანაშაულის ჩადენას.
საქმის ფაქტობრივი გარემოებები
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ირაკლი ხოფერიას მიმართ განხორციელებული წამების საქმეზე ქ. თბილისის პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა და მას დაზარალებულის სტატუსი მოუხსნა. როგორც დაზარალებულის სტატუსის მოხსნის, ასევე საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ ქ. თბილისის პროკურატურის დადგენილებები საიამ სასამართლოში გაასაჩივრა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 2 მაისს მიღებული განჩინებით ირაკლი ხოფერია, რომელსაც პროკურატურა დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულად მიიჩნია და ჩათვალა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ პროკურორმა გამოიტანოს დადგენილება ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობის თაობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მოძალადე პოლიციელები ამოიცნო, პასუხისგებაში არავინ მიცემულა. საიამ არაერთხელ მოუწოდებდა შესაბამის ორგანოებს, დროულად ჩაეტარებინათ ყველა საგამოძიებო მოქმედება და პასუხისგებაში მიეცეთ მოძალადე პოლიციელები. რამდენიმე თვის წინ, მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ საქმის მთავარმა მოწმემ ჩვენება შეცვალა. საიამ მოითხოვა აღნიშნულზე გაქტზე ცალკე გამოძიების დაწყება მოწმეზე შესაძლო არასათანადო გავლენის მოხდენაზე. თუმცა ამ მიმართულებით გამოძიება არ დაწყებულა. ხოფერიას წამების საქმეზე გამოძიება ისე შეწყდა, რომ პასუხისგებაში არავინ მიცემულა და ლეგიტიმური კითხვები პასუხგაუცემელი რჩება.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge