სასამართლომ ეკატერინე კიკნაძის ხელოვნების მუზეუმისა და ეროვნული გალერეის მმართველის პოზიციიდან ლაბორანტის პოზიციაზე გადაყვანის ბრძანება უკანონოდ მიიჩნია

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით,  ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ ყოფილი თანამშრომლის, ეკატერინე კიკნაძის, სარჩელი. 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, „საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ მუზეუმთა დირექტორის 2021 წლის 29 ივლისის ბრძანებით, ეკატერინე კიკნაძე, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმისა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეის მმართველის პოზიციიდან ლაბორანტის პოზიციაზე გადაინიშნა, შემდგომ კი, რეორგანიზაციის ფარგლებში, 2022 წლის 14 იანვრის ბრძანებით გათავისუფლდა ლაბორანტის პოზიციიდანაც.   

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ მიერ მიღებული ბრძანება მოსარჩელის ლაბორანტად დანიშვნის შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 5000 ლარისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

მოსარჩელე ერთ-ერთია იმ პირებს შორის, ვინც მინისტრის პოლიტიკის მიმართ წინააღმდეგობა გამოხატა და ხელს აწერდა საინიციატივო ჯგუფის ,,ხელოვნების მუზეუმისთვის“ მიერ შედგენილ საპროტესტო პეტიციას - ისტორიული შენობის გადარჩენის, უსამართლო საკადრო პოლიტიკის და საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო. დღეს პეტიციის არაერთი ხელმომწერი გათავისუფლებულია როგორც მუზეუმიდან, ისე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დროისთვის არაა კანონიერ ძალაში შესული. მოსარჩელე, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოში განაგრძობს დავას იმ ნაწილში, რა ნაწილშიც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში #საია იცავს.

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge