2 დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მონიტორინგის ფარგლებში, დავესწარი პროცესს, სადაც მამაკაცს, მამაკაცი მოსამართლე, ოჯახში ძალადობისთვის ასამართლებდა. პროკურორი ქალი იყო. ბრალდებულს ასევე დამცველად ქალი ადვოკატი ჰყავდა.
ბრალდების თანახმად, მამაკაცმა ცოლი სცემა, მაგრამ ცემას არ გამოუწვევია ქალისთვის ფიზიკური დაზიანება (სსკ 1261 მუხლი). ეს არ იყო ბრალდებულისთვის სასამართლოს წინაშე პირველი წარდგომა - იგი სხვა დანაშაულისთვისაც იყო ნასამართლევი, რისთვისაც ადრე ჯარიმა დაეკისრა.
პროკურორმა ფორმალურად ჩაიკითხა კანონის ნორმები, განაცხადა, რომ მას აქვს საკმარისი მტკიცებულებები ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობა გავრცელებული დანაშაულია, მაგრამ მოსამართლის დასარწმუნებლად, რომ დამნაშავე სამართლიანად უნდა დასჯილიყო, არაფერი უთქვამს.
ადვოკატმა განაცხადა, რომ პროკურატურის წარმოდგენილ ყველა მტკიცებულებას ბრალდებული ეთანხმება. ამ მიზეზის გამო სასამართლოში არ გამოუძახიათ და დაუკითხავთ მოწმეები, არ გამოუკვლევიათ მტკიცებულებები. სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ მსხვერპლი ქალი. მოსამართლეს არ მოუსმენია მსხვერპლის ახსნა-განმარტება ზიანზე, რომელიც ძალადობის შედეგად მიადგა და საფრთხეზე, რომელიც შესაძლოა მომავალში ქმრისგან დაემუქროს.
ბრალდებულის ადვოკატმა მოსამართლეს სთხოვა, მამაკაცისთვის რაც შეიძლება მსუბუქი სასჯელი დაენიშნა. ადვოკატის თქმით, მოსამართლეს მხედველობაში უნდა მიეღო ბრალდებულის აღიარება, მონანიება და ის, რომ იგი მეუღლეს შეურიგდა (ქალისთვის არავის უკითხავს, რეალურად შეურიგდა თუ არა ქმარს). მოსამართლეს ასევე უნდა გაეთვალისწინებინა „ოჯახის სიმტკიცის’’ ტრადიცია, რომელზეც „სახელმწიფო დგას’’ და არ დაეშვა ოჯახის დაშლა ბრალდებულის ციხეში გაშვებით.
მოსამართლეს ბევრი არ უფიქრია სასჯელის სახესა და ზომაზე და ბრალდებულს მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა (150 საათით) მიუსაჯა. არავითარი შემაკავებელი ღონისძიებები მოძალადის წინააღმდეგ! არავითარი დაცვის გარანტიები მსხვერპლს! ფაქტობრივად მამაკაცს სასამართლომ უფლება მისცა დაბრუნდეს სახლში და გააგრძელოს ცხოვრების ჩვეული რიტმი - ცოლზე ძალადობა.
პროცესის შემდეგ ბრალდებული კმაყოფილი იყო, ვინაიდან რეალურ პასუხისმგებლობას გადაურჩა. პროკურორიც კმაყოფილი დარჩა - მან კიდევ ერთი საქმე წარმატებით დაასრულა. მოსამართლესაც არ ჰქონდა საწუწუნო - 20 წუთში გადაწყვიტა საქმე, იმის ფონზე, რომ სისხლის სამართლის საქმეები თვეები გრძელდება.
აღდგა სამართლიანობა მსხვერპლისთვის, რომელმაც ხმა სასამართლოს ვერ მიაწვდინა? სად იყო ქალი სასამართლო პროცესის დროს? რას მოელოდა იგი მოსამართლისგან? დაცული იქნება მომავალში მოძალადე ქმრისგან? აქვს სადმე წასასვლელი ქმრის სახლის გარდა? შეძლებს მსხვერპლი კიდევ მიმართოს პოლიციას, თუ ძალადობა გაგრძელდება? ექნება ამის გაკეთების სურვილი და გამბედაობა, რადგან უკვე იცის, როგორ „სჯის’’ სასამართლო ოჯახში მოძალადეს?
საქართველოში ყოველი მე-3 ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. ყოველ მე-11 ქალზე ფიზიკურად ძალადობენ. სახელმწიფოს რეაგირება მსხვერპლის დასაცავად უმეტესწილად არაეფექტურია. „ოჯახის სიმტკიცესთან’’ დაკავშირებულ მოთხოვნებს ყოველწლიურად ოცამდე ქალის სიცოცხლე და ათასობით ქალის ჯანმრთელობა ეწირება.
თამარ დეკანოსიძე
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge