სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვის თაობაზე

მიმდინარე წლის 4 მარტს ქართულ მედია-საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც,  საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში საზაფხულო თეატრის გახსნა აპირებდა.

ეს ამბავი, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მომხდარიყო, ალბათ არც არაფერი განსაკუთრებული ამაში არ იქნებოდა. თუმცა, იმ დღეს პრეზიდენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა ბათუმის თვითმმართველობის მხრიდან. 

თვითმმართველობა ორ ნაწილად გაიყო. რაც არ უნდა უცნაური იყოს საკრებულოს თავმჯდომარე თეატრის შენობის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნავდა, რომ თეატრის  გახსნის თაობაზე ინფორმაცია მედია საშუალებებისგან გაიგო. 

 

საკრებულოს თავმჯდომარის  განცხადებით პრეზიდენტის მიერ თეატრის შენობის გახსნა ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებში უხეში ჩარევას წარმოადგენდა, რადგანაც პროექტი მუნიციპალური ხარჯებით ხორციელდებოდა და ადგილობრივი თვითმმართველობის იგნორირებით შენობის გახსნა დაუშვებელი იყო. მეტიც, საკრებულოს თავმჯდომარე უფროს შორს წავიდა და საზაფხულო თეატრის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიებების შეჩერების მიზნით, იმავე დღეს საკრებულოს შესაბამისი ბრძანებაც გამოსცა. ბრძანების მიხედვით საზაფხულო თეატრის გახსნა ვერ მოხდებოდა, რადგანაც მშენებლობა არ იყო დასრულებული და არც  ობიექტი არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული. თეატრის გახსნა გაუმართლებლად იყო მიჩნეული ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

 

საპირისპიროს აცხადებდა ბათუმის მერი, რომელიც მიიჩნევდა, რომ შენობის გახსნა შესაძლებელი იყო, რადგანაც სამუშაოების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი იყო დასამთავრებელი და საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციის მიუხედავად საზაფხულო თეატრის შენობა მაინც გაიხსნებოდა.

 

მოკლედ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და მერი ვერ თანხმდებოდნენ შენობის გახსნა არ გახსნის მზადყოფნის თაობაზე. თუმცა, ამ დავის პარალელურად შენობის გახსნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. 

 

ცხადია ამ მოსაზრების მიზანს არ წარმოადგენს იმაზე საუბარი თუ რამდენად მზად იყო ბათუმის საზაფხულო თეატრის შენობა გასახსნელად. ვფიქრობ, რომ კონკრეტული შემთხვევისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ და რა ფინანსური რესურსის გამოყენებით გახსნა შენობა პრეზიდენტმა.

 

როგორც ბევრ შემთხვევაში, პრეზიდენტმა  ამჯერადაც სარეზერვო ფონდს მიმართა და 2013 წლის 1 მარტით დათარიღებული განკარგულებით სარეზერვო ფონდიდან 77000 ლარი იმისთვის გამოყო, რომ ბათუმის საზაფხულო თეატრის შენობის ოფიციალურ გახსნის მიზნით დაგეგმილი  ღონისძიებების დაფინანსება უზრუნველეყო.

აქ აუცილებლად ჩნდება კითხვა, უნდა აფინანსებდეს თუ არა სარეზერვო ფონდი ამ ტიპის ღონისძიებებს?

 

ვფიქრობ, რომ საკითხს უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ და ბუნებრივია სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის მიზანშეწონილობის პრობლემა მხოლოდ ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევას არ უნდა დავუკავშიროთ. მაგრამ ეს ერთი ინდივიდუალური შემთხვევაც საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, რომ საქართველოს ბიუჯეტით გათვალისწინებული პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან (ისევე როგორც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან) თანხების ხარჯვა დღემდე რჩება სათანადო საკანონმდებლო რეგულაციების მიღმა. ამას კი თავისთავად იქამდე მივყავართ, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა იფიქროს სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის თაობაზე გამჭვირვალე და მიზაშეწონილი რეგულაციების შემოტანაზე.

 

მანამდე კი სანამ ჩვენ სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვის თაობაზე სათანადო რეგულაციები გვექნება, შესაძლოა, სარეზერვო ფონდიდან ისეთი ღონისძიებებიც დაფინანსდეს, რომელიც დამთავრებული, ან მით უარესი დაუმთავრებელი შენობების გახსნასთან იქნება დაკავშირებული.

 

სულხან სალაძე

პროექტის კოორდინატორი.

პროექტი - „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge