საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს მორიგი გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭომ, 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცოტნე გეგეჭკორის და ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ, საია-ს მიმართ ტელეკომპანია ,,იმედის“ ჟურნალისტების მიერ ეთიკის ქარტიის პრინციპების დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილების თანახმად, ცოტნე გეგეჭკორმა და ირაკლი ჩიხლაძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები, რომლებიც მაყურებლისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას და ფაქტის განზრახ დამახინჯების აკრძალვას ითვალისწინებს.

საბჭოს განმარტებით, ტელეკომპანია „იმედის” ეთერში სიუჟეტების სერია სათაურით „მდიდარი ენჯეოების კლანი”, მიეძღვნა არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და ჰქონდა კამპანიური ხასიათი. 

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება 2022 წელს მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის რიგით მესამეა, რომლითაც დადგინდა, რომ ტელეკომპანია ,,იმედის“ ჟურნალისტები საია-ს მიმართ არღვევენ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს. საბჭომ დარღვევები ასევე დაადგინა შემდეგ საქმეებზე: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ნათია სონღულაშვილის, ლევან კვატაშიძის, ლევან ჯავახიშვილის, ხატია ქვათაძის და ნინო თოლორდავას წინააღმდეგ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ირაკლი ჩიხლაძის და ნათია თოიძის წინააღმდეგ.

საბჭომ უკვე არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „იმედზე" შეიმჩნევა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის არსებობა. ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში მკვეთრად არის აქცენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია და მათი საქმიანი რეპუტაციის შელახვა. მსგავს შინაარსს ატარებს ასევე შემდეგი გადაწყვეტილებები: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ლევან ქათამაძე რუსა შელიას და ვაკა გორგილაძის წინააღმდეგ"; „ლევან ნატროშვილი ანუკი გუმბერიძის, ლევან ჯავახიშვილის და თეონა გეგელიას წინააღმდეგ“, „საია ნათია სონღულაშვილის წინააღმდეგ“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ირაკლი ჩიხლაძის და ნათია თოიძის წინააღმდეგ”.

ვიმედოვნებთ, ტელეკომპანია „იმედი“ შეწყვეტს საია-ს წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას და თავის საქმიანობაში შეძლებს ეთიკის პრინციპების სრულად დაცვას.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge