საქართველოს უმაღლესი იურიდიული განათლების ხარისხის კვლევის პრეზენტაცია

2014 წლის 25 ნოემბერს საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა პარტნიორ ორგანიოზაციებთან ერთად საქართველოს უმაღლესი იურიდიული განათლების ხარისხის კვლევის პრეზენტაცია გამართა.
 
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქართული უმაღლესი იურიდიული განათლების ხარისხის განსაზღვრა, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათ გადასაჭრელად რეკომენდაციების შემუშავება.
 
კვლევის პროცესში განხორცილედა  როგორც  არსებული ნორმატიული ბაზის, ასევე  უცხოური პრაქტიკის მიმოხილვა. აღნიშნული სამუშაო ჩატარდა ე.წ. „სამაგიდო კვლევის“ („დესკ რესერჩის“) ფორმით, რა დროსაც შესწავლილ იქნა 11 ქვეყნის გამოცდილება.
 
თეორიული ნაწილის მომზადების შემდგომ განხორციელდა თვისებრივი კვლევა.  პირისპირ ინტერვიუების მეშვეობით გამოიკითხა 16 სასწავლებლის 1000 სტუდენტი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 350 წარმომადგენელი. ჯამში შედგა 1350 ინტერვიუ.
 
კვლევამ აჩვენა, რომ  რესპონდენტთა გამოკვეთილი უმრავლესობის (70%-ზე მეტი) აზრით, საქართველოში მწვავე პრობლემას წარმოადგენს ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ვერ ახერხებენ შრომის ბაზრის კვალიფიციური კადრებით მომარაგებას. აღნიშნული ვრცელდება, როგორც კერძო ისე საჯარო სექტორზე.
 
კვლევიდან ჩანს, რომ ქართული უმაღლესი იურიდიული განათლების სისტემას ხარვეზები აქვს შემდეგი საკვანძო მიმართულებებით:
 
1. უმაღლესი იურიდიული განათლების რეგულირების მექანიზმები, როგორც საკანონმდებლო, ისე შიდასაუნივერსიტეტო დონეზე;
 
2. უმაღლესი იურიდიული განათლების შედეგების შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან;
 
3. სასწავლო პროგრამები;
 
4. აკადემიური პერსონალი.
 
კვლევა დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ “სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსათვის” პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებით და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID)  და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით.
კვლევა განხორცილედა კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულების” მიერ პროექტის - “ხარისხიანი განათლება ძლიერი ინსტიტუტებისათვის” - ფარგლებში, საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის, კონსტიტუციის 42-ე მუხლისა და ელსა-საქართველოს მიერ. შესასწავლი პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, კვლევაში ჩართული იყო სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი. 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge