საქართველოს სახალხო დამცველმა „Bolt Food“-ის მხრიდან კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წლის 14 ივნისს მიიღო რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც „Bolt Food“-ის კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრებების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა. აღნიშნული რეკომენდაციის მიღებას წინ უძღოდა 2021 წლის 16 მარტს კომპანიის მიერ კურიერებისთვისშეტყობინების გაგზავნა ტარიფის შემცირების შესახებ. შეტყობინების მიღების შემდგომ კურიერების ნაწილმა 17 მარტს მიმართეს „Bolt Food”-ის ადგილობრივ წარმომადგენლობას, რომელმაც განუმარტა, რომ შრომითი პირობების განსაზღვრის შესახებ მითითებას ესტონეთის ცენტრალური წარმომადგელობისგან იღებდა. აღნიშნულის შემდგომ, კურიერებმა გადაწყვიტეს არ ჩაერთოთ აპლიკაცია და უარი განაცხადეს შეკვეთების მიღებაზე. 23 მარტს კურიერების ნაწილმა, მოლაპარაკების მიზნით, კვლავ უშედეგოდ მიმართა კომპანიის ადმინისტრაციას. ამავე დღეს პროტესტის საპასუხად, კომპანიამ დაახლოებით 25 კურიერს (მათშორის განმცხადებლებს) აპლიკაციაზე წვდომა შეუზღუდა. პროგრამაზე წვდომის აკრძალვის მიზეზების შესახებ ე. წ. support ჯგუფმა 25 მარტს კურიერებს განუმარტა, რომ დაფიქსირდა მათი მონაწილეობის შემთხვევები იმ ჯგუფთან, რომელთა მხრიდანაც ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ აქტივობებს, რომლებმაც ხელი შეუშალა მათი სერვისის და კურიერების სამუშაო პროცესს.

საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ განმცხადებელთა უფლებაში ჩარევის საფუძველს რეალურად წარმოადგენდა მათი განსხვავებული მოსაზრებები და მათი პროტესტი, რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა დამსაქმებლისთვის. მოპასუხემ კი ვერ წარმოადგინა სათანადო და დამაჯერებელი არგუმენტაცია, რომელიც სახალხო დამცველს დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდს გაუქარწყლებდა. შესაბამისად, კომპანიას დაევალა დაუყოვნებლივ აღუდგინოს კურიერებს „Bold Food“ აპლიკაციაზე წვდომა.

5 კურიერის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში საია წარმოადგენდა.

 

ნეთგაზეთის ფოტო


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge