საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანისას რეგლამენტი დაარღვია

2010 წლის სექტემბერში, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულ რეჟიმში, დახურულ კარს მიღმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მიერ დადგენილი პრინციპების დარღვევით მიიღო საპროცესო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი, რითაც საშუალება წაართვა დაინტერესებულ მხარეებს, გამოეთქვათ და დაეცვათ საკუთარი მოსაზრებები პროექტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტრომ ცვლილებათა პროექტის პრეზენტაცია 1 სექტემბერს წარმოადგინა, პროექტის პარლამენტში გადაგზავნილი ვერსია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი აღარ გამხდარა.

საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებებმა, შესაძლებელია უშუალო და არსებითი გავლენა მოახდინოს თითოეული მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებზე.

სამწუხაროდ, საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ცალკეული საკითხების დარეგულირებასთან ერთად, აუარესებს  ბარლდებულის მდგომარეობას, დაბლა წევს რა მტკიცების სტანდარტს პირის მსჯავრდებასთან და ცალკეული ხასიათის მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით; მაგალითად, თუ ცვლილებების განხორციელებამდე ბრალდებულის აღიარება არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდებოდა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, პირის მსჯავრდება შესაძლებელი იქნება აღიარების გარდა მხოლოდ ერთი მტკიცებულების საფუძველზე. განხორციელებული ცვლილებები, ასევე ერთით ამცირებს ნაფიცი მსაჯულების მიერ ვერდიქტის მიღებისათვის აუცილებელი ხმების რაოდენობას, რაც მსჯავრდების სტანდარტს დაბლა სწევს. ცვლილებებს შემოაქვს საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ, ბრალდებულის ინტერესების სათანადო დაცვის გარეშე და სხვა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები საქართველოს რეგლამენტით დადგენილი წესების დარღვევით განხორციელდა. როგორც ეს პარლამენტიდან მოძიებული ინფორმაციიდან ჩანს, იმ ცვლილებათა უმრავლესობა, რომლებიც კოდექსში განხორციელდა, არასოდეს გამხდარა პირველი მოსმენით საქართველოს პარლამენტის მსჯელობის საგანი. პარლამენტმა იგი რეგლამენტის დარღვევით, მხოლოდ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო. რაც ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

სამწუხაროდ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ვერ გახდება სარჩელის შეტანის სუბიექტი აღნიშნული ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით. ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას ან პარლამენტის წევრთა ერთ მეხუთედს.


სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანმიმდევრობა

2010 წლის 11 თებერვალს საქართველოს პარლამენტში შევიდა პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილისა და ლაშა თორდიას საკანონმდებლო ინიციატივა ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ.” კანონპროექტი ითვალისწინებდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებში, ასევე, ამავე კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებში ცვლილებების შეტანას (კანონის პროექტი, რომლის მოცულობა ორ გვერდს შეადგენს,  ეხება მსჯავრდებულის პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საგამოძიებო იზოლატორში გადაყვანას; ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო სასჯელის შემდგომში მოხდისაგან გათავისუფლებას; სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას უფრო მსუბუქი სასჯელით).

2010 წლის 26 მარტის პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან ირკვევა, რომ ლაშა თორდიამ პარლამენტს პირველი მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე.”  ამავე სხდომის ოქმიდან ასევე ირკვევა, რომ ზემოხსენებული კანონის პროექტი პირველი მოსმენით მიღებული იქნა (მომხრე - 85, წინააღმდეგი -0).

2010 წლის 8 აპრილის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ ლაშა თორდიამ მეორე მოსმენისათვის წარადგინა საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე.” აღნიშნული კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო (მომხრე - 70, წინააღმდეგი - 0).

2010 წლის 13 სექტემბრის საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2010 წლის 13 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგში საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 14-17 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის მე-5 საკითხად შეტანილია პავლე კუბლაშვილისა და ლაშა თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (#07-3/234, 11.02.10) ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ.”

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1591 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს, პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას, აუცილებლობის შემთხვევაში მომხსენებლის ან თანამომხსენებლის მოტივირებული წინადადების საფუძველზე, პარლამენტის შესაძლებლობას, მიიღოს დადგენილება მესამე მოსმენიდან კანონპროექტის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ.

2010 წლის 14 სექტემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან ჩანს, რომ ლაშა თორდიამ წარმოადგინა დადგენილების პროექტი ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების თაობაზე. დადგენილება მიღებული იქნა (მომხრე -83, წინააღმდეგი -0).

2010 წლის 17 სექტემბრის საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის #109-ე დღის წესრიგიდან ირკვევა, რომ ლაშა თორდიამ საქართველოს პარლამენტს მეორე მოსმენით პუნქტობრივად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე.” ოქმიდან ირკვევა, რომ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა. ხოლო 2010 წლის 24 სექტემბერს კანონპროექტი მესამე მოსმენით იქნა მიღებული.

უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ პარლამენტისათვის 2010 წლის 17 სექტემბერს მეორე მოსმენით წარდგენილი კანონპროექტი მნიშვნელოვნად განსხვავდება პირველი მოსმენით მიღებული ვარიანტისგან არა მხოლოდ მოცულობით (თუ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მოიცავდა 2 გვერდს, მეორე მოსმენისას წარდგენილმა კანონპროექტმა შეადგინა 27 გვერდი), არამედ შინაარსობრივადაც: პირველი მოსმენით მიღებულ მუხლებთან ერთად მეორე მოსმენით წარდგენილ კანონის პროექტში გვხვდება პრინციპულად განსხვავებული ისეთი ნორმები, როგორიცაა: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლს დამატებული 27-30-ე ნაწილები, რომელიც განსაზღვრავს კომპიუტერული სისტემის, კომპიუტერული მონაცემების, მომსახურების მიმწოდებლის და ინტერნეტტრაფიკის მონაცემების ცნებას; მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი, რაც არეგულირებს ბრალდებულის აღიარების, როგორც მტკიცებულების მნიშვნელობის საკითხს; მე-20 მუხლის მე-2 ნაწილი, ეხება მაგისტრატი მოსამართლის კომპეტენციას; 28-ე მუხლის მე-3 ნაწილი ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლების პირობები; 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი - წინასწარი გამოძიებისას გამომძიებლისა და პროკურორის უთანხმოება; მე-IX თავი - სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიებები, ცალკეული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესები, 200-ე მუხლი - გირაოს შეფარდების წესები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში საქმის წარმოების მომწესრიგებელი ნორმები და სხვა.

როგორც ვხედავთ, განსახილველ საკითხთა უმრავლესობას არანაირი პრინციპული ურთიერთმიმართება არ გააჩნია პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტთან. პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები. ,,სისხლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის განხილვისას საქართველოს პარლამენტმა მიიღო ზოგადი პრინციპები, რაც დაკავშირებული იყო მსჯავრდებულის პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საგამოძიებო იზოლატორში გადაყვანასთან, ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო სასჯელის შემდგომში მოხდისაგან გათავისუფლებასთან, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლასთან. პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კანონპროექტის  მეორე მოსმენისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხოლოდ პირველი მოსმენით მიღებული ცვლილების ქვეპუნქტების, ნაწილების და მუხლების განხილვა და მისი ერთიანად კენჭისყრა უნდა მომხდარიყო. ხოლო მესამე მოსმენისას პირველ მოსმენაზე მიღებულ ნორმებში რედაქციული ხასიათის ცვლილებები უნდა შესულიყო.

რეგლამენტის 146-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კანონში  ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტის წარდგენა, განხილვა და მიღება ხდება შესაბამისი კანონის წარდგენის, განხილვისა და მიღებისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. კანონპროექტი მიიღება სამი მოსმენით ან გამარტივებული წესით. ეს უკანასკნელი წესი გამოიყენება იმ დროს, როდესაც ხდება საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ კანონპროექტის, აგრეთვე იმ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ კანონპროექტის მიღება, რომელიც შეეხება საქართველოს კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებას. ამ დროს კანონპროექტის მიღება ხდება ერთი მოსმენით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილება არ იყო დაკავშირებული საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად ცნობასთან, ან თარიღის (ვადის), ტერმინოლოგიურ ცვლილებასთან. შესაბამისად, აღნიშნული კანონი სამი მოსმენით უნდა ყოფილიყო მიღებული. ანუ იმ წესით, როგორც მთლიანობაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იქნა მიღებული.

ზემოთ მითითებული გარემოებები ადასტურებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა უმრავლესობა არასოდეს გამხდარა პირველი მოსმენით საქართველოს პარლამენტის მსჯელობის საგანი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კანონის პროექტის მესამე ან მეორე მოსმენიდან პირველ მოსმენაზე მოხდეს დაბრუნება. პირველი მოსმენით მიღებული კანონის პროექტებზე მეორე და მესამე მოსმენით მსჯელობა იმართება იმ ზოგადი პრინციპების და ძირითადი დებულებების ფარგლებში, რაც პირველი მოსმენით იყო მიღებული. პარლამენტის რეგლამენტის 156-ე მუხლი დეტალურად განსაზღვრავს პირველი მოსმენისათვის კანონპროექტის განხილვის და მიღების წესებს. ეს პროცესი მოიცავს კანონპროექტის ინიციატორის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლას; პარლამენტის წევრის მიერ წარდგენილი კანონპროექტის თაობაზე კითხვების დასმის შესაძლებლობას; იმ ფრაქციის წარმომადგენლების, რომლებიც არ შედიან არც უმრავლესობაში, არც უმცირესობაში, უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენელთა მიერ თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას წარმოდგენილი კანონპროექტის ზოგადი პრინციპებისა და ძირითადი დებულებების თაობაზე; მომხსენებლის ან პარლამენტის მიერ პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნის გაზიარებას და საკითხის პირველი მოსმენით კენჭისყრას.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა უმრავლესობა არ იქნა მიღებული პარლამენტის რეგლამენტის 156-ე მუხლით დადგენილი წესით, რაც ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას ან პარლამენტის წევრთა ერთ მეხუთედს.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge