კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის ეხმაურება ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით საზოგადოებაში განვითარებულ დისკუსიას, მათ შორის საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებებსა და მათ რეაგირებას რუსეთის ხელისუფლების მორიგ აგრესიულ ქმედებებზე.
გაურკვეველ ვითარებაში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და ცხედრის გადმოცემის გაჭიანურების ფონზე მივესალმებით იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილის გათავისუფლებას, რაც შეუძლებელი იქნებოდა ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის გარეშე. მივესალმებით ევროპარლამენტში ქართული დელეგაციის აქტიურობის შედეგად დაგეგმილ რეზოლუციას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, ასევე ევროპის სხვადასხვა სტრუქტურებისა და ქვეყნების წარმომადგენელთა მკაცრ პოზიციას რუსეთის ხელისუფლების აგრესიული ქმედებებისადმი. საყოველთაო მცდელობის მიუხედავად, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ოჯახისთვის ჯერ არ მომხდარა, რაც ამ ტრაგედიას უაღრესად ამძაფრებს. მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც ოკუპანტ ქვეყანას. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი არის აგრესორი და ის მანიპულირებს ადამიანური ტრაგედიებით.
ამ ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უკანასკნელი განცხადება, სადაც ის რუსეთს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების კონტექსტში, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის „კონსტუქციული მიდგომისკენ” მოუწოდებს, რთული გასაგებია. ამავე კონტექსტში, ასევე ბუნდოვანია მისი გზავნილი, „სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმის” მზაობაზე. გაუგებარია, რისი მიღწევა სურს მსგავსი განცხადებით საქართველოს მთავრობას. სავარაუდოდ გადამეტებულია მოლოდინი, თუ ასეთი არსებობს, რომ რუსეთი უეცრად საქართველოს მიმართ შეცვლის თავის მიდგომას და პასუხისმგებლობიანი პოლიტიკის გატარებას დაიწყებს. ამიტომ, ეს განცხადება არ გახლავთ შექმნილი მდგომარეობის ადეკვატურად ამსახველი და უფრო იმ მთავრობის განაცხადს გავს, რომელსაც არ აქვს კონკრეტული გეგმა, გაუმკლავდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გამოწვევებს. პრემიერის განცხადებამ ბუნდოვანი გზავნილი მიაწოდა საზოგადოებას, თითქოს კიდევ არის რეალური შანსი, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართ აგრესიულ ზრახვებზე უარი თქვას, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს და ‘დაგვრთოს ნება’ დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები.
ზემოაღნიშნულის დასტურია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის გუშინდელი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვაზე, რომელიც თავისი შინაარსით ცინიკური და იმადროულად, საფრთხის შემცველია და არა პოზიტიური გამოხმაურება საქართველოს პრემიერის შეთავაზებულ თანამშრომლობაზე.
დღეს, საზოგადოებას საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ და მთავრობის გეგმებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი ინფორმაცია მიეწოდება. მთავრობის გზავნილები მკაფიო არ არის, რაც საზოგადოებაში დაბნეულობას და უმწეობის შეგრძნებას იწვევს. ჟენევის მოალაპარაკებების არსებული ფორმატი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელშიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ. ეს ფორმატი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, გაეროსთან და ეუთოსთან ერთად ეცადოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრას. ამ ფონზე, გაუმჭვირვალეა და შესაბამისად დროდადრო კითხვის ნიშნებს აჩენს, თუ რა მიზანს ემსახურება საქართველოს მიერ ინიცირებული ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი, თუ რა საკითხები განიხილება დახურულ კარს მიღმა, და რა მნიშვნელოვანი შედეგები იქნა ან ვერ იქნა მიღწეული ამ აქტივობის შედეგად და რატომ? საერთაშორისო აქტორების გარეშე ამგვარი გაუმჭვირვალე დიალოგის ფორმატი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი რისკის შემცველი იყოს საქართველოს ინტერესებისათვის. კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის:
- მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიაწოდოს საზოგადოებას კონკრეტული ინფორმაცია რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებისა და ამ მხრივ არსებული გამოწვევების მოგვარების ხედვასთან და შესაბამის გეგმებთან დაკავშირებით.
- მივესალმებით საქართველოს პარლამენტში არსებულ დისკუსიას სპეციალური რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ პარტიებს გვერდზე გადადონ უთანხმოებები და უმოკლეს დროში გააერთიანონ ძალისხმევა საქართველოს ინტერესების შესაბამისი რეზოლუციის მისაღებად, რომელიც რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურების ქმედებების შეფასების გარდა, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების ეფექტური სანქციების ინსტრუმენტების შექმნისკენ იქნება მიმართული.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
მედიის განვითარების ფონდი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი
საფარი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს გაეროს ასოციაცია
საზოგადოება და ბანკები
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge