საქართველოს მთავრობის მიერ ლობისტურ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები მხოლოდ საქართველოშია საიდუმლო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკანონოდ მიიჩნევს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს მთავრობის მიერ 2009-2010 წლებში უცხოურ ლობისტურ კომპანიებთან (Public Strategies, Maniatis, Gregory A, Kunin, Daniel Louis, Podesta Group, Gephardt Group Government Affairs, Orion Strategies;) გაფორმებული ხელშეკრულებების გასაიდუმლოებას.

ასოციაცია დაინტერესდა იმ ხელშეკრულებათა საჯაროობით, რომლებიც შეეხება საქართველოს მთავრობისათვის საკონსულტაციო და სხვა სახის მომსახურების გაწევას სხვა ქვეყნების მთავრობებთან, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სფეროში. საიამ 2010 წლის 16 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს და გამოითხოვა გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები, აგრეთვე ინფორმაცია ხელშეკრულებების დაფინანსების კონკრეტული წყაროს შესახებ.


გამოთხოვილი ინფორმაცია ეროვნული უშიშროების საბჭომ “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო საიდუმლოებად მიიჩნია. საქართველოს მთავრობის მიერ კი გვეცნობა, რომ “მოთხოვნილი დოკუმენტაცია საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საჯარო ინფორმაციის სახით დაცული არ არის.” ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ გასცეს გამოთხოვილი ინფორმაცია და იგი სრულიად უკანონოდ მიიჩნიეს საიდუმლოდ.

“სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოება არის “ინფორმაციის სახეობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების  და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს . .  ინტერესებს, რაც ამ კანონით ან/და საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფო დაცვას.”

შესაბამისად, იმისათვის, რომ ინფორმაცია მიჩნეულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოებად, აუცილებელია შემდეგი პირობების ერთობლივად არსებობა:
•    ინფორმაცია უნდა მოიცავდეს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემებს თავდაცვის, საგარეო ურთიერთობის, ეკონომიკის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის სფეროში;
•    ინფორმაციის გამჟღავნებამ ზიანი უნდა მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას და სხვა ინტერესებს;
•    ინფორმაცია დადგენილი წესით უნდა იქნეს გასაიდუმლოებული.
ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს ინფორმაციის გასაიდუმლოების საფუძვლიანობა. ეროვნული უშიშროების საბჭო უარის თქმისას არ ასაბუთებს კონკრეტულად რომელ სფეროს მიეკუთვნება გამოთხოვილი ინფორმაცია. ამასთან, არ უთითებს გასაიდუმლოების პროცედურების დაცვის შესახებ. კერძოდ, კონკრეტულად რომელმა თანამდებობის პირმა მიიჩნია ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებად. აგრეთვე, არ მიგვეთითა იმ აქტის რეკვიზიტები, რომლის მიხედვითაც ინფორმაცია საიდუმლოდ იქნა მიჩნეული.

ინფორმაციის გასაიდუმლოების უკანონობას ადასტურებს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. კერძოდ, გამოთხოვილი ხელშეკრულებების ასლები სრულად არის ხელმისაწვდომი ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე: http://www.fara.gov.  ეს ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ვებ-გვერდზე.  აღნიშნული კი გამორიცხავს  ინფორმაციის გამჟღავნებით სახელმწიფო ინტერესისათვის ზიანის მიყენების საფრთხეს და უსაფუძვლოს ხდის მის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გეგმავს უახლოეს მომავალში ადმინისტრაციული წესით გაასაჩივროს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ ინფორმაციის უკანონოდ გასაიდუმლოების ფაქტები. აღსანიშნავია, რომ საიამ საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან ანალოგიური სახის, 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ასლების მოპოვება მხოლოდ სასამართლოში სამართალწარმოების შედეგად შეძლო.

 

იხილეთ საიას მიერ გაგზავნილი წერილბისა და მიღებული პასუხების ასლები:


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge