„საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს” მიმართვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 17 ივლისის სხდომის დღის წესრიგში განსახილველ საკითხებს შორის განსაზღვრულია მივლინებულ მოსამართლეთა მივლინების ადგილის სასამართლოებში გადაყვანის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის შოთა გეწაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაყვანისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ საკითხების განხილვა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად „სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“. იმავე კანონის თანახმად, ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში, თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლე მისივე თანხმობით შესაძლებელია კონკურსის გარეშე დაინიშნოს ქვემდგომი, შესაბამისი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად საჭიროა საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერა. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით არ არის დადგენილი შესაძლებლობა, რომ მოსამართლის დაწინაურების ან ერთი სამოსამართლო თანამდებობიდან მეორეზე გადაყვანისას გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს საბჭოს წევრთა 2/3-ზე ნაკლები ხმებით.
ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ 17 ივლისს დანიშნული საბჭოს სხდომის დღის წესრიგში მოსამართლის სხვა თანამდებობაზე ,,გადაყვანის" შესახებ საკითხის დაყენება არ ნიშნავს იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო აპირებს კანონის გვერდის ავლით, უბრალო უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგში ასევე განსაზღვრულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გეგმიდან გამომდინარე სასამართლო ხელისუფლების სამოქმედო გეგმის შემუშავება. მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს მუშაობა უფრო გამჭვირვალე უნდა წარიმართოს და ის ანგარიშვალდებული უნდა იყოს მოსამართლეებისა და ფართო საზოგადოების წინაშე. განცხადებაზე ხელმომწერ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა. ამასთან, ორგანიზაციები გამოდიან ინიციატივით, შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები მიიღებენ – იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლეები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.
„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო” მოუწოდებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:
● მოსამართლის სხვა სასამართლოში კონკურსის გარეშე დანიშვნა გადაწყვიტოს კანონით დადგენილი წესის ზუსტი დაცვით;
● შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გეგმიდან გამომდინარე შეიმუშავებს სასამართლო ხელისუფლების სამოქმედო გეგმას.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge