საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი დააკმაყოფილა

2012 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაასრულა.

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განიმარტა სოციალური რეკლამის გაშვების წესი, დაევალა საზოგადოებრივ მაუწყებელს საიას 2012 წლის 28 სექტემბრის განცხადების განხილვა, მაუწყებელს სანქციის სახით დაეკისრა გაფრთხილება.

მანამდე, 2012 წლის 28 სექტემბერს საიამ  განცხადებით მიმართა სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით მოითხოვა წამების აკრძალვასთან დაკავშირებით მომზადებული სოციალური რეკლამის  მაუწყებლის სატელევიზიო ბადეში განთავსება.  08 ოქტომბერის კორესპონდენციით საზოგადოებრივი მაუწყებლისგან გვეცნობა, რომ მიწოდებული  ვიდეო რგოლი არ წარმოადგენს სოციალურ რეკლამას, ვინაიდან არ აკმაყოფილებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ7“ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. 

საიამ წერილობით განუმარტა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ ის ვალდებულია გაუშვას სოციალური რეკლამა იმგვარად, რომ არ გამოიკვლიოს,  არ ჩაერიოს რგოლის შინაარსში და შეფასება მოახდინოს მხოლოდ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნების შესაბამისად. 
მიუხედავად აღნიშნული განმარტებებისა სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, კანონის მოთხოვნების შესრულება არ უზრუნველყო. 
 
მიგვაჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება  პრეცენდენტული მნიშვნელობისაა და  მომავალში თავიდან აარიდებს სოციალური რეკლამის განთავსების წესთან წარმოშობილ გაურკვევლობას როგორც  მაუწყებლებს, ისე სოციალური რეკლამის დამკვეთებს.   
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge