2022 წლის 28 მარტს „საქართველოს კოალიციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის“ ICC პროკურორს, კარიმ ხანს, წერილობით მიმართა. მიმართვის მიზანია პროკურორთან შეხვედრის მოთხოვნა და გამოძიებასთან დაკავშირებით საკვანძო საკითხების მიმოხილვა, მათ შორის, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების პასუხისმგებლობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების საჭიროება.
უპირველესად, აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება, სამი პირის მიმართ დაკავების განჩინებების მოთხოვნით, წინგადადგმული ნაბიჯია,მაგრამ ხაზგასასმელია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულ გამოძიებასა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა არსებობს როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე, რაც არაერთხელ გაჟღერებულა.
აღნიშნულთან კავშირში, ხაზგასასმელია ფაქტი, რომ 2008 წელს საქართველოში სამხედრო ოპერაციებს რუსეთი ხელმძღვანელობდა, რის გამოც ზემოხსენებული კონფლიქტი საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტად კვალიფიცირდება. საქართველოში ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებზე უპირველესი პასუხისმგებლობა რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს ეკისრებათ. თუ მხოლოდ სეპარატისტული რეჟიმის მაღალჩინოსნები იქნებიან პასუხისმგებელი ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე, ეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს შორის დაუსჯელობის განცდას შეუწყობს ხელს.
რუსეთის ოფიციალური პირების ჩართულობა 2008 წლის აგვისტოს ომში დასტურდება მრავალი საერთაშორისო ინსტიტუტის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს,[1] მიერ. ასევე, ევროკავშირის ფაქტების დამდგენმა მისიამ[2] მიუთითა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე რუს ჩინოვნიკებს უკვე ჰქონდათ დე ფაქტო კონტროლი სამხრეთ ოსეთის ინსტიტუტებზე, განსაკუთრებით, კი, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოებზე. კერძოდ, დე ფაქტო მთავრობა: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროები, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ძირითადად, დაკომპლექტებული იყო რუსეთის წარმომადგენლებით ან რუსეთის მოქალაქეობის მქონე სამხრეთ ოსური წარმოშობის პირებით, რომლებიც ადრე მუშაობდნენ ეკვივალენტურ თანამდებობებზე რუსეთში. საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში საკვანძო ძალოვან უწყებებს (შსს, თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, უშიშროების საბჭოს მდივანი) რუსული არმიის ყოფილი მაღალჩინოსნები მართავდნენ.
ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების: მინძაევის, გუჩმაზოვისა და სანაკოევის დასჯა (თუ ისინი დამნაშავედ სცნეს) არ აღმოფხვრის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევას, რადგან სამხედრო შეტაკებების მასშტაბი ადასტურებს, რომ დამნაშავეთა წრე, რომლებიც ექვემდებარებოდნენ რუსეთის ფედერაციის კონტროლს, საკმაოდ დიდია.
დამატებით, კოალიციამ მიმართვაში ყურადღება გაამახვილა გამოძიების ფარგლებზე. კერძოდ, როგორც საჯაროდ ცნობილია, მინძაევის, გუჩმაზოვისა და სანაკოევის წინააღმდეგ ბრალდება არსებობს ომის დანაშაულებთან დაკავშირებულ ეპიზოდებზე, მაგრამ, არ არის მითითება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. ამასთან დაკავშირებით, კოალიცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ საქართველოს ხელისუფლების მიერ მომზადებული ანგარიში აღწერს ცხინვალის რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკურ წმენდასა და სხვა ქმედებებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია, არა მხოლოდ, ომის დანაშაულების ჩადენასთან, არამედ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან.[3]
თავად პროკურორმა მიუთითა გამოძიების უფლებამოსილების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აგვისტოს ომის დროს მოხდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, კერძოდ: „მკვლელობა (მუხლი 7(1)(a) ), დეპორტაცია ან მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება (მუხლი 7(1)( d)) და ნებისმიერი იდენტიფიცირებული ჯგუფის ან ერთობის დევნა ეთნიკური ნიშნით (მუხლი 7(1)(t)). ეს დანაშაულები, სავარაუდოდ, ჩადენილი იყო როგორც ფართოდ გავრცელებული და/ან სისტემატური თავდასხმის ნაწილი ეთნიკურად ქართველ მშვიდობიან მოსახლეობაზე სამხრეთ ოსეთში და მის მიმდებარე „ბუფერულ ზონაში“. ეს დანაშაულები ჩადენილი იყო როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილი, რათა იძულებით განედევნათ ეთნიკური ქართველები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან მათი საერთო მიზნის მისაღწევად, გაწყვეტილიყო დარჩენილი კავშირები საქართველოსთან. პროკურორის ზემოხსენებული პოზიცია წინასასამართლო პალატამაც გაიზიარა.[4]
„საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის“ იმედს გამოთქვამს პროკურორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით და საზოგადოებას აცნობებს ინფორმაციას მიმდინარე სიახლეების შესახებ.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საერთაშორისო სამართლიანობა (Justice International)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
უფლებები საქართველო
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
ადამიანის უფლებების პრიორიტეტი
[1] Georgia v. Russia (II), application no. 38263/08, 21.01.2021.
[2] See Reports of EU Fact-Finding Mission (Volume I < https://www.mpil.de/files/pdf4/IIFFMCG_Volume_I2.pdf, [17.03.2022] Volume II <https://www.mpil.de/files/pdf4/IIFFMCG_Volume_II1.pdf, [28.03.2022].
[3] See: See Human Rights Watch, ‘Georgian Villages in South Ossetia Burnt, Looted’, 13 August 2008 https://www.hrw.org/news/2008/08/12/georgian-villages-south-ossetia-burnt-looted, [28.03.2022]; Government of Georgia, “Update Report Concerning the National Criminal Proceedings of Georgia over the Crimes against Humanity and War Crimes related to the August 2008 Armed Conflict”, November 2014, GEO-OTP-0003-0003, (Current document is confidential and mentioned as Annex E.7.1 of prosecutor’s request https://www.icc-cpi.int/CourtRecords/CR2015_19375.PDF, [28.03.2022]; Ethnic Cleansing of Georgians Resulted from Russian Invasion and Occupation since August 8, 2008, https://www.osce.org/files/f/documents/6/b/34091.pdf?fbclid=IwAR1SKYtuae8nS6Q8YFbiZGKucfGYtQw9U1uozeW1ivTT0XJIu8KPwk3QYz8%20,%20 [28.03.2022]; In August Ruins, Report of the Georgian Non-Governmental Organizationson Violation of Fundamental Human Rights & International Humanitarian Law August War, 2008, Prepared and published with the support of the Open Society Georgia Foundation.
[4] See Pre-Trial Chambers Decision on the Prosecutor’s request for authorization of an investigation, 27 January 2016, paras 30-31 < https://www.icc-cpi.int/CourtRecords/CR2016_00608.PDF > [28.03.2022].
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge