„საქართველოს გზა ევრო-ინტეგრაციისკენ: კრიზისი, რომელიც არავის სჭირდება“

2021 წლის 23 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (‘საია’) ჩაატარა ონლაინ დისკუსია თემაზე „საქართველოს გზა ევრო-ინტეგრაციისკენ: კრიზისი, რომელიც არავის სჭირდება“. ღონისძიებაზე მომხსენებლებად მოწვეულნი იყვნენ: მარკეტა გრეგოროვა, ევროპარლამენტის წევრი, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი, ჩეხეთის რესპუბლიკა; ნატალი საბანაძე, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში საქათველოს სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, 2013-2021; სტივენ ბლოკმანსი, კვლევის დირექტორი, CEPS; ფრანცისკა სმოლნიკი, ევრაზიის კვლევის განყოფილების უფროსის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების გერმანიის ინსტიტუტი. დისკუსიას მოდერაციას უწევდა თეონა ლავრელაშვილი, ლუვენის უნივერსიტეტში ევროპის პარტიების კვლევითი პროგრამის მენეჯერი და ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. ღონისძიება გახსნა საიას თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.

საიას ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოში დიპლომატიური კორპუსების,  ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დამსწრეებს მომხსენებლებისთვის კითხვების დასმის საშუალებაც ჰქონდათ.

2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა საზოგადოების პოლარიზებასთან ერთად, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის და მისი სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მცდელობების მიუხედავად, კრიზისის მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ არ მიღწეულა. მნიშვნელოვანია, რომ განვითარებული მოვლენების ფონზე, ევროპარლამენტარებმა საქართველოს მიმართ პირობითობის პრინციპის ამოქმედებაზე და დახმარების გამოყოფის შეჩერებაზეც ისაუბრეს.

დისკუსიაზე მოწვეულმა სტუმრებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პოლიტიკურმა კრიზისმა მნიშვნელოვნად შეაფერხა საქართველოს განვითარება და სვლა ევროპისკენ. 

ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ აღნიშნა, რომ, როგორც ეს კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში არის მოცემული, საჭიროა რეფორმების გატარება იმისთვის, რომ აღმოიფხვრას დღეს არსებული პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, კორუფცია, საარჩევნო გამოწვევები, და ამასთანავე, გაუმჯობესდეს დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტიანი მუშაობა. ნატალი საბანაძემ გამოყო რამდენიმე პრობლემა, რომელმაც თავი იჩინა პოლიტიკური კრიზისის შედეგად, ესენია: პოლიტიკურ ძალთა პოლარიზაცია, შეთანხმების მიღწევის სასარგებლოდ შიდა ზეწოლის მექანიზმის არარსებობა, კონკრეტული პარტიების ინტერესების, სახელმწიფო და საგარეო პოლიტიკის ინტერესებზე წინ დაყენება. მან ასევე პოზიტიურად შეაფასა ევროკავშირის დოკუმენტზე პოლიტიკური პარტიების ხელმოწერები და კრიზისის მოგვარებაში ევროკავშირის ჩართულობა. სტივენ ბლოკმანსმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირთან პარტნიორობა მის ეკონომიკურ წინსვლას მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ საქართველოს ჰქონდა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების ეფექტურად იმპლემენტაციის შესაძლებლობა და იმედი გამოთქვა, რომ დაგეგმილი რეფორმები მალე განხორციელდებოდა, რის შემდეგაც, საქართველო დაუბრუნდებოდა ევროინტეგრაციის გზას. ფრანცისკა სმოლნიკის თქმით, ქვეყანაში გატარებული რეფორმები სასარგებლო იქნებოდა არა მხოლოდ საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. მან ასევე მიუთითა, რომ მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის მხრიდან სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის სტრატეგიული ხედვის ცხადად დასახვა, რათა ამ რეგიონის ქვეყნებს შესაბამისი მოლოდინები ჰქონოდათ.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს ასოცირების ხელშეკრულება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. მათ მიმოიხილეს საქართველოს პროგრესი ამ ხელშეკრულებებთან მიმართებით და შეაფასეს მისი პერსპექტივა ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. 

დისკუსიის ჩანაწერის სანახავად, მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/2Plx3lY

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge