საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასება ფართომასშტაბიან შეწყალებასთან დაკავშირებით
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფართომასშტაბიანი შეწყალების (მსჯავრდებულთათვის ნასამართლეობისა, დამატებითი სასჯელებისა და პირობითი მსჯავრის მოხდისაგან გათავისუფლების) ინიციატივას.
შეწყალების განხორციელება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა. ამავე დროს, შეწყალება ჰუმანური აქტია და იმ კეთილშობილური მიზნის გათვალისწინებით, რომელსაც მსგავსი ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს (მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია), შეწყალების ინიციატივა მისასალმებელია. თუმცა, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის (სახელმწიფოს) მიერ განხორციელებული ყველა ქმედება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპების, მათ შორის, კანონის უზენაესობის, სრული დაცვით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალიწინებით, რომ პრეზიდენტის მიერ ფართომასშტაბიანი შეწყალების განხორციელება საზოგადოებამ შესაძლოა აღიქვას არა როგორც ერთჯერადი და კონკრეტული ინდივიდების რესოციალიზაციისაკენ მიმართული აქტი, არამედ, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი.
საქართველოს კანონმდებლობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამნისტიისაგან განსხვავებით, შეწყალება არის საქმის ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე მიღებული აქტი, რასაც წინ უნდა უძღოდეს მსჯავრდებულის საქმის დეტალური გამოკვლევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაინტერესებული პირის მიერ განცხადების შეტანა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. პრეზიდენტის ინიციატივა ფართომასშტაბიანი შეწყალების შესახებ კი ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
საქმეთა ინდივიდუალურად განხილვის პრინციპის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგ გარემოებათა გამო:
ნასამართლეობის მოხსნას (გაქარწყლებას) პრაქტიკაში შორს მიმავალი შედეგები აქვს, როგორც ინდივიდის, ასევე საზოგადოებისათვის. კერძოდ, ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლის-სამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. იმ პირობებში, როდესაც არ მოხდება საქმეების დეტალურად შესწავლა, საფიქრალია, ხომ არ მოახდენს ნასამართლობის გაქარწყლება შემდგომი დანაშაულის ფაქტობრივ წახალისებას - რეციდივის შემთხვევაში დამნაშავისათვის შედარებით ლმობიერი სასჯელის გარანტირებით.
ამავე დროს, ნასამართლეობა, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს პოლიციასა და საჯარო სამსახურში თანამდებობების დაკავებისათვის დამაბრკოლებელ გარემოებას. თუმცა, ნასამართლეობის გაქარწყლების შემთხვევაში, მაგალითად, არაადამიანურ მოპყრობისათვის ან დემონსტრაციის დარბევისათვის მსჯავრდებული პირი, შესაძლოა, მარტივად დაბრუნდეს სისტემაში. მსგავსმა მოვლენებმა, შესაძლოა, მოქალაქეებში გააჩინოს დამნაშავეთა დაუსჯელობისა და საზოგადოების მათგან დაუცველობის განცდა, რაც შებღალავს მათ ნდობას უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი (როგორიცაა პოლიცია, პროკურატურა, სასჯელაღსრულება და სხვ.).
არაადამიანური მოპყრობის გარდა, ინიციატივის მიხედვით, შეწყალება შეეხებათ პირებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ისეთი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, როგორიცაა: გაუპატიურება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება, ყაჩაღობა, ნარკოტიკული დანაშაულები და სხვ. ასევე, შეწყალება შეეხება ისეთი ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩამდენ პირებსაც, რომელთა ქმედებამაც პირდაპირი ზიანი მიაყება არამხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს, არამედ დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებასა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციით დაცული უზენაესი ღირებულებებია. ასეთი დანაშაულებია მაგალითად: სიტყვის თავისუფლების ხელყოფა, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა, და სხვ.
ასეთ დანაშაულებისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალება, საქმეების ინდივიდუალურად შესწავლის და იმის დადგენის გარეშე, რომ მსჯავრდებული თავისი ქმედებით და ცხოვრების წესით ნამდვილად იმსახურებს შეწყალებას, შესაძლოა მოქალაქეებმა აღიქვან, როგორც რიგი მძიმე დანაშაულებისდმი სახელმწიფოს ლოიალური პოლიტიკის გამოხატულება.
ამავე დროს, ფართომასშტაბიანი შეწყალების ერთჯერადად განხორციელებამ, ერთის მხრივ, შესაძლოა, მომავალ მსჯავრდებულებში უსამართლობის გრძნობა გააჩინოს; მეორეს მხრივ კი, თუ ფართომასშტაბიანი შეწყალება მომავალში სისტემატურ ხასიათს მიიღებს, ამან, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მართლმსაჯულების სისტემის ავტორიტეტს და შეასუსტოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ეფექტურობას.
ასევე აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა პრეზიდენტს ანიჭებს შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში გვერდი აუაროს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით. დისკრეციულ და ფაქტობრივად შეუზღუდავი ძალაუფლების განხორციელება კიდევ უფრო დიდ სიფრთხილეს მოითხოვს შეწყალების განხორციელებისას, რათა არ დაზარალდეს საზოგადოებრივი ინტერესები და არ შეილახოს მოქალაქეთა ნდობა და პატივისცემა კანონისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი.
აქვე აღსანიშნავია , რომ დაახლოებით მსგავსი ხასიათის ღონისძიება საქართველოში უახლოეს წარსულში განხორციელდა „ამნისტიის შესახებ“ კანონით. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის განმარტება, რომ შეწყალებისაგან განსხვავებით, ამნისტია არის აქტი, რომელიც ხორციელდება ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ. ამავე დროს, აღნიშნული ამნისტია პარლამენტის მიერ განხორციელდა, როგორც ერთჯერადი, დროებითი და განსკუთრებული ღონისძიება (რაც ხაზგასმულია კანონში). ამავე დროს, ამნისტიის განხორციელება მოტივირებული იყო ციხეებში არსებული სავალალო მდგომარეობის (გადატვირთულობა, არაპროპორციულად მაღალი სასჯელები, რაც გამოწვეული იყო „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკისა და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის გატარებით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, პატიმართა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და ა.შ.) შემსუბუქების სურვილით. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მართალია, საია ყოველთვის მიესალმება სახელმწიფო ორგანოთა ჰუმანურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, საქმის ინდივიდუალურად შესწავლის პრინციპის უგულვებელყოფით ფართომასშტაბიანი შეწყალების განხორციელებას შესაძლოა მოჰყვეს არასახარბიელო შედეგები (რაზეც ზემოთ უკვე იყო საუბარი); განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს რესოციალიზაციის კეთილშობილური მიზნის მიღწევის (ნასამართლეობის მოხსნის) ალტერნატიულ და საზოგადოებისათვის ნაკლები ზიანის შემცველ გზას (ნასამართლეობის გაქარწყლება სასამრთლოსათვის მიმართვის გზით, რომელიც გადაწყვეტილებას ინდივიდუალობის პრინციპის დაცვით იღებს).
დაბოლოს, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი წლების განმავლობაში პირადად იყო მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარების ინიციატორი და მხარდამჭერი, არჩევნებამდე 2 თვით ადრე მსგავსი ინიციატივის გამოჩენა, რომელიც გათვლილია მოსახლეობის ფართო მასებზე, შესაძლოა, მიზნად ისახავდეს წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის კმაყოფილების დონის გაზრდას, რაც, თავის მხრივ, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს შეიძლება წარმოადგენდეს. ეს კი საქართველოს პრეზიდენტს მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეიძლება იყოს აღქმული. კოპენჰაგენის დოკუმენტი[1] ცალსახად ავალდებულებს სახელმწიფო უზრუნველყონ სახელისუფლებო და პარტიული საქმიანობის გამიჯვნა და არ დაუშვან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება პარტიული მიზნებისათვის.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge