საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას სრულიად საქართველოს ულოცავს. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა წარმოადგენს იმ ხელშესახები პროგრესის აღიარებას, რასაც საქართველომ, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მიაღწია სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიისაკენ სწრაფვის გზაზე; ამავე დროს, ასოცირების ხელშეკრულება გვაკისრებს ვალდებულებას - შევაფასოთ დაშვებული შეცდომები, განვამტკიცოთ მიღწეული შედეგები და გადავდგათ შემდგომი ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, მათ შორის კანონის უზენაესობის დამკვიდრებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.
განვლილი 20 წლის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურად იყო ჩართული საქართველოში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატივისცემის დამკვიდრებისა და გაძლიერების საქმეში. სამოქალაქო საზოგადოებისათვის ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ გაწეული დახმარება წარმოადგენდა ამ პროცესებში ჩვენი ჩართულობისა და მიღწეული შედეგების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება თანამშრომლობა როგორც ევროკავშირსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, რათა საერთო ძალისხმევით გავუმკლავდეთ ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, მყარად დავამკვიდროდ და განუხრელად დავიცვათ ჩვენს ქვეყანაში ის ღირებულებები, რაზეც დგას თანამედროვე ევროპის იდეა - პიროვნების ღირსება, თავისუფლება და კანონის წინაშე თანასწორობა და ერთა შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება.
ვულოცავთ საქართველოს ამ მნიშვნელოვან მონაპოვარს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge