საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ადამიანის უფლებები ის უზენაესი და წარუვალი ღირებულებებია, რომელთა განუხრელ დაცვასა და პატივისცემაზეა დამოკიდებული თითოეული ჩვენთაგანის უსაფრთხო, თავისუფალი, ღირსეული ცხოვრება და განვითარება. ამიტომაც, საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობითა და მთელი რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ მინიჭებული. კონსტიტუციის თანახმად, „ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.“
10 დეკემბერი მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობის თარიღი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს სახელმწიფომ და მთლიანად საზოგადოებამ, მათ შორის სამოქალაქო სექტორმა, შეაფასოს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მიღწეული შედეგები, გააანალიზოს არსებული გამოწვევები და გადადგას დროული, ქმედითი ნაბიჯები მათ მოსაგვარებლად.
საია 10 დეკემბერს ტრადიციულად ღონისძიებათა სერიით აღნიშნავს. ორგანიზაციის რეგიონულ ოფისებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება. ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია განვლილი ერთი წლის შეფასება და ყურადღების გამახვილება იმ საკითხებზე, რომლებიც, ჩვენი შეფასებით, სახელმწიფოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებად უნდა იქცეს მომდევნო წლის განმავლობაში.
გვსურს აღვნიშნოთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვა მთელი რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სახელმწიფო უკეთ ასრულებს ე.წ. ნეგატიურ ვალდებულებას, რაც უფლებებში უკანონო და მიზანმიმართული ჩარევისაგან თავის შეკავებას გულისხმობს. უნდა ითქვას, რომ ადამიანის უფლებათა თემებთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისა და თანამშრომლობის ხარისხი გაუმჯობესდა (მაგალითად, საიას და მისი პარტნიორი ორგანიზაციების საკმაოდ მნიშვნელოვანი და პრინციპული შენიშვნები ცალკეულ შემთხვევებში მხედველობაში იქნა მიღებული პარლამენტში შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას). ამ პერიოდის კიდევ ერთი ტენდენცია იყო კანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოების ჩართვა კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდეც, რაც ცალსახად დადებითია; მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებლობა მომავალში კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს.
მისასალმებელია სახელმწიფოს ინიციატივა ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. მსგავსი დოკუმენტი პირველად იქმნება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მნიშვნელოვანია, დოკუმენტმა სწორად ასახოს სახელმწიფოს პრიორიტეტები, ხოლო შესაბამისმა ინსტიტუტებმა უზრუნველყონ სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება.
დადებით ტენდენციებთან ერთად, რჩება გამოწვევებიც. გვსურს, გამოვყოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:
სასამართლო სისტემის რეფორმა - ნებისმიერ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა წარმოადგენს. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა.
მართალია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების განმტკიცებისათვის (იუსტიციის საბჭოს ნაწილობრივი რეფორმა, მოსამართლეთა კონფერენციის როლის გაზრდა და სხვ.), თუმცა ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია, გაძლიერდეს მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიები და ამაღლდეს ინდივიდუალური მოსამართლის როლი საკანონმდებლო დონეზე. მნიშვნელოვანია მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის სათანადო რეგლამენტირება. ამასთან, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რეალურად შეძლოს მისთვის კონსტიტუციით დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულება, მათ შორის, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის დაცვის კუთხით.
დარღვეული უფლებების აღდგენა (წამების, უკანონო პატიმრობის, საკუთრების ხელყოფისა და სხვა კუთხით) - მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს დარღვეული უფლებების აღდგენა, მათ შორის შესაბამისი დამატებითი სამართლებრივი და სხვა მექანიზმების შექმნის გზით. ამიტომაც, საიასათვის მიუღებელი და გაუგებარია ამ მექანიზმის შექმნის გაურკვეველი ვადით გადადება იმ მოტივით, რომ სახელმწიფოს საკმარისი ფინანსური რესურსი არ გააჩნია. ჩვენთვის ასევე მიუღებელია საგამოძიებო სტრუქტურების პასიურობა იმ საჩივრებთან დაკავშირებით, რომლებიც მოქალაქეებმა შესაბამის უწყებებში შეიტანეს წინა წლებში ჩადენილი უფლებადარღვევების ფაქტების შესწავლის მოთხოვნით. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი და დროული ნაბიჯები, რათა ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, აღიდგინონ დარღვეული უფლებები, ხოლო საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით. წინა წლებში ჩადენილი დარღვევების გამოძიება და დამნაშავეთა გასამართლება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული მოქალაქეების უფლებების აღსადგენად, არამედ იმისთვისაც, რომ არ მოხდეს დაუსჯელობის დაკანონება და ამგვარად - შემდგომი უფლებადარღვევების წახალისება.
ძალოვანი სტრუქტურების ანგარიშვალდებულება კანონის წინაშე და მათ საქმიანობაზე სამოქალაქო კონტროლის განხორციელება - წლის განმავლობაში საიას არაერთხელ მოუწია ყურადღების გამახვილება პოლიციელთა მხრიდან კანონის დარღვევისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. სამწუხაროდ, თითქმის ყველა მსგავს ფაქტზე ან გამოძიება არ დაიწყო ან დაწყებული გამოძიება სწრაფად, ეფექტურად და ობიექტურად არ წარიმართა. ჩვენთვის დღემდე გაუგებარი რჩება თუ რატომ არ იცავენ სამართალდამცავი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის ისეთ მარტივ და ნათელ დანაწესს, როგორიცაა უწყებრივი საგამოძიებო ქვემდებარეობა, რომლის თანახმადაც პოლიციელის მეირ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა - განვლილი წლის განმავლობაში უმცირესობათა წინააღმდეგ განხორციელებული ვერბალური და ფიზიკური ძალადობისა და მუქარის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს განსაკუთრებით ეხება რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ საჯაროდ დააფიქსიროს თავისი მკაფიო პოზიცია მსგავს მოვლენებთან დაკავშირებით - საჯაროდ დაგმოს ძალადობა და ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა კანონის წინაშე. ამავე დროს არსებითია, რომ მოქალაქეებმაც გააცნობიერონ ძალადობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა და ის შედეგები, სადამდეც შესაძლოა მივიდეს სახელმწიფო და საზოგადოება თუ იგი დაუშვებს ადამიანთა შორის დაპირისპირებას რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა ჯგუფური კუთვნილების საფუძველზე. კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია და ამ მხრივ რაიმე გამონაკლისის დაშვება დაუშვებელია.
მოწყვლადი ჯგუფების დაცვა - საქართველოში არაერთი მოწყვლადი ჯგუფი არსებობს, რომელთაც განსაკუთრებით სჭირდებათ სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან დაცვა და თანადგომა. ასეთ ჯგუფებს მიეკუთვნებიან უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ადამიანები, შეზღუდული შესაძლებლობების პირები, დევნილები. სახელმწიფო ვალდებულია, ეს ადამიანები უზრუნველყოს ცხოვრების ღირსეული პირობებით და მათი უფლებების დაცვა პრიორიტეტად აქციოს.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ზემოაღნიშნული პრობლემები ღრმა და კომპლექსურია. მათ მოსაგვარებლად აუცილებელია სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზადაა, ითანამშრომლოს ყველა შესაბამის სტრუქტურასთან და დაინტერესებულ პირებთან, რათა სახელმწიფომ შეძლოს სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა სფეროში მიღწეული წარმატებების კონსოლიდაცია და არსებული პრობლემების ეფექტურად და დროულად მოგვარება.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge