საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება 6 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მოძრაობა "რატომ?"-ის მშვიდობიანი აქციის დაშლასთან დაკავშირებით


საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს 6 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მოძრაობა "რატომ?"-ის მშვიდობიანი აქციის დაშლას და ამავე აქციაზე მომუშავე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს პროტესტის უფლებასაც. ამას გარდა, კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

6 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მოქმედებდნენ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. მათ არ გადაუკეტიათ გზის სავალი ნაწილი და არ მოუხდენიათ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის შესასვლელისა და კიბის ბლოკირება. გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ შენობის შესასვლელი და კიბე დაკავებული აქვს საპატრულო პოლიციას, რომელიც ადგილზე მობილიზებული იყო აქციის დაწყებამდე.

საქართველოს კონსტიტუციით, ხელისუფლებას შეკრებისა და მანიფესტაციის შეწყვეტის უფლება მხოლოდ მაშინ აქვს, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. შეკრება არ ყოფილა ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილზე გამართული და შესაბამისად, არ ყოფილა ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების საჭიროება. ამას გარდა, შეკრებაზე არ ყოფილა გამოთქმული რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოწოდება.

პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-4.2 მუხლის თანახმად პოლიცია მოვალეა პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და თავისუფლებები მიუხედავად მისი მოქალაქეობრივი, სოციალური, ქონებრივი მდგომარეობისა, რასობრივი და ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა, ენისა და სარწმუნოებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა.

გაეროს და ევროპის საბჭოს, ასევე საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის თანახმად, პოლიციამ ძალის გამოყენებისას უნდა დაიცვას აბსოლუტური აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპი. ამას გარდა შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს მან არ უნდა გამოიყენოს ან მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს ძალის გამოყენება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, პასუხისმგებლობა დააკისროს იმ პირებს, რომლებმაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ხელი შეუშალეს შეკრებისა და მანიფესტაციის განხორციელებას და მასში მშვიდობიანი მოქალაქეების მონაწილეობას. ასევე, ითხოვს დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე. 

აქციის დაშლის ამსახველი ვიდეომასალა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:
http://presa.ge/index.php?text=news&i=7012

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge