26 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ტრადიციულად აღნიშნა წამების წინააღმდეგ საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით საიამ აქციები გამართა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში დროებითი მოთავსების იზოლატორების შენობებთან.
26 ივნისს 14:00 საათზე აქციები ერთდროულად დაიწყო თითქმის ყველა ქალაქში, სადაც საიას ოფისებია განთავსებული, კერძოდ: თბილისში, რუსთავში, გორში, აჭარაში, ქუთაისსა და ოზურგეთში.
თბილისში აქცია გაიმართა დიღომში, #2 დროებითი მოთავსების იზოლატორთან.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებმა, მოხალისეებმა, სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.
აქციის მონაწილეებმა #2 დროებითი მოთავსების იზოლატორის შენობის წინ გააბეს ყვითელი ლენტი წარწერით „არ აწამო!“. საიას რეგიონული ოფისების თანამშრომლებმა იგივე განახორციელეს რეგიონებში განთავსებულ იზოლატორებთან. მონაწილეებს ეცვათ მაისურები აქციის მთავარი სლოგანით „არ აწამო!“, „არ გაჩუმდე!“ „არ დაფარო“, „არ შეეგუო“ „გამოიძიე!“
აქციის მეშვეობით საიამ აღნიშნა წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღე და ყურადღება გაამახვილა შემდეგ გზავნილებზე: ადმინისტრაციული პატიმრობის არსებობა მოქმედი ფორმით და მისი მოხდა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მიუღებელია, რადგან, როგორც წესი, ეს უთანაბრდება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას; საიამ მოუწოდა წამების ან/და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლებს, ხმა აიმაღლონ წამების წინააღმდეგ; საიამ მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, ეფექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიონ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge