საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულების ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უკვე 15 წელზე მეტია იცავს.
2024 წლის 14 ივნისს, საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, სტრასბურგის სასამართლოში მესამე მხარის პოზიციასთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრებები წარადგინა. კერძოდ, ევროპული სასამართლოს ცნობით იმ საქმეებზე, რომლებსაც საია აწარმოებს, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს მთავრობებმა მესამე მხარის პოზიციები წარადგინეს. საქართველოს მთავრობის პოზიცია წარდგენილია საიას წარმოებაში არსებულ 40 საქმეზე, მათ შორის, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის, წამებისა და მკვლელობის საქმეზე, ხოლო ნიდერლანდების მთავრობის პოზიცია წარდგენილია ერთ საქმესთან მიმართებით, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ, 2008 წლის 12 აგვისტოს, გორის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილ და დაშავებულ ნიდერლანდებისა და ისრაელის მოქალაქეებს შეეხება.
ვინაიდან საქმეთა უმეტესობა შეიარაღებული კონფლიქტის აქტიურ ფაზას შეეხება, პოზიციებში მითითებულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ინდივიდუალური პირების მიმართ არ უნდა გამორიცხოს რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია და დაადგინოს ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობა. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ინდივიდუალური საჩივრები 2008-2009 წლებში გაიგზავნა. სტრასბურგის სასამართლომ 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორის საქმეზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიმდებარე ბუფერულ ზონაში ჩადენილი ქმედებები, რუსული სამხედრო ძალებისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ადგილობრივი დე-ფაქტო ადმინისტრაციის კონტროლის გამო, რუსეთის ფედერაციის იურისდიქციას მიაკუთვნა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევაზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა დაადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფოთაშორის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის 7-12 აგვისტოს დროის მონაკვეთთან დაკავშირებული საჩივრების ძირითადი ნაწილი დაუშვებლად ცნო და განმარტა, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებების დროს არ არის შესაძლებელი რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის დადგენა.
საიამ გაიზიარა საქართველოსა და ნიდერლანდების მხრიდან წარდგენილი პოზიციები და დამატებით განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ინდივიდუალური საჩივრების ფარგლებში ყურადღება უნდა გაამახვილოს კონკრეტულ ფაქტებზე, რომლებიც ნათლად ადასტურებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წამება, მკვლელობა, უკანონო დაკავება, მათი ქონების განადგურება და ა.შ. რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაა და საქმეებში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით შესაძლებელია, რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის დადგენა, ამას ნათლად ადასტურებს ის ვიდეოც, რომელშიც გიორგი ანწუხელიძის წამების კადრებია ასახული.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge