საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი გახდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  ვასლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა კონკურსის ფინალისტი გახდა. კონკურსი ტარდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ. პრიზი გადაეცემა ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პირს ან ორგანიზაციას. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც ევროპის, ასევე სხვა ქვეყნებში მოღვაწე ადამიანის უფლებადამცველებს.

 
26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით ფინალისტები არიან ბელორუსი უფლებადამცველი ალეს ბელიაცკი, ჩენეთში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებათა დაცვის ქსელი" და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 29 სექტემბერს სტრასბურგში შედგება საკონკურსო კომისიის ბოლო სხდომა, სადაც ამ სამი ფინალისტიდან საბოლოო გამარჯვებული გამოვლინდება. გამარჯვებულს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდმარე დაასახელებს 30 სექტემბერს 12:30 საათზე სტრასბურგში, რასაც მოჰყვება დაჯილდოვების ცერემონია. მოგვიანებით გამარჯვებულის საპატივსაცემოდ ვასლავ ჰაველის სახელობის ბიბლიოთეკა პრაღაში ჩაატარებს საერთაშორისო კონფერენციას.
 
მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება საბოლოო გამარჯვებული, სამეულში მოხვედრა არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უდიდესი წარმატება. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა მხარდამჭერ ორგანიზაციასა და პირს, ვინც საიას საქმიანობას ასეთ გამორჩეულად მაღალ შეფასებას აძლევს. ეს არის, ერთის მხრივ, ორგანიზაციის მოღვაწეობის საამაყო დაფასება, ხოლო მეორეს, მხრივ დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც გვავალდებულებს ადამიანის უფლებების დასაცავად ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ. საია განსაკუთრებულ მადლობას უხდის  დამფუძნებლებს, თანამშრომლებსა და წევრებს, ვინც დაფუძნების დროიდან დღემდე თავისი წვლილი შეიტანა წლების განმავლობაში ორგანიზაციის წარმატებულ საქმიანობაში.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge