საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრემიერ - მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება

უპირველეს ყოვლისა, გვსურს შევეხოთ პრემიერ - მინისტრის განცხადებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაპატიმრებულ თანამშრომელთა საქმეზე. 
 
პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი სურვილია, გამართლდნენ არა მხოლოდ კირვალიძე, არამედ სხვა დაკავებულებიც. ,,თუმცა, ამაში ეჭვი მეპარება, რამეთუ პროცესებს ვაქცევ ყურადღებას და მეც გამაჩნია კითხვები. ბედნიერი ვიქნები თუ კირვალიძე გამართლდება, მაგრამ ეს გამოძიებამ უნდა გადაწყვიტოს", - აღნიშნა პრემიერ - მინისტრმა.
 
ამავე საკითხზე საუბრისას პრემიერმა განაცხადა, რომ ის გამოძიებაში არ ერევა, რაც მისასალმებელია. თუმცა გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, პრემიერის მხრიდან იმის აღნიშვნა, რომ კითხვები მასაც აქვს და ეჭვი ეპარება, თუ რამდენად გამართლდებიან პასუხისგებაში მიცემული პირები, ვფიქრობთ, შეიცავს გამოძიებისთვის გარკვეული მიმართულების მიცემის საშიშროებას. ჩვენ არ ვამტკიცებთ იმას, რომ გამოძიებაზე გავლენის მოხდენა პრემიერის სურვილია. უბრალოდ, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, რომლებიც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ასეთ განცხადებებს ისმენენ, შესაძლებელია ავტომატურად მოექცნენ ასეთი გავლენის ქვეშ.
 
ამასთან, ჩვენი ინფორმაციით პირადად მ.კირვალიძის მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს და, შესაბამისად, გაუგებარია მის გამართლებაზე საუბარი.
 
რაც შეეხება პრემიერის განცხადებას საიას მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების შესახებ, ცხადია, ნებისმიერი პირის, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა კანონის ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს. უფლებამოსილების გადაჭარბება ამ ჩარჩოების ფარგლებს გარეთ გასვლას გულისხმობს, რაც პრემიერის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ საკმაოდ სერიოზულ ბრალდებას წარმოადგენს. ამიტომ ვისურვებდით, ამ განცხადებაში მეტი კონკრეტიკა ყოფილიყო თუ სად, როდის და რა მოქმედებით გადააჭარბა საიამ თავის უფლებამოსილებას. ჩვენ ასეთ კონკრეტულ ქმედებას ვერ ვიხსენებთ.
 
ამავე დროს, პრემიერ - მინისტრი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს, თუნდაც გადააჭარბოს თავის უფლებამოსილებას. თუ არასამთავრობო ორგანიზაციის აქტიურობა და უფლებამოსილების გადაჭარბება კარგი და სასურველი ქმედებაა, მაშინ ეს უარყოფით კონტექსტში არ უნდა იქნეს მოხსენიებული (,,ზედმეტ აქცენტს ნუ მივცემთ, რომ საიამ თქვა და ქვეყანა უნდა აყირავდეს").
 
ადამიანის უფლებების დაცვა და ანგარიშვალდებული, ეფექტური მმართველობის ხელშეწყობა საიას საქმიანობის უმთავრეს მიმართულებებს წარმოადგენს, რასაც ორგანიზაცია დაფუძნების დროიდან (1994წ) ახორციელებს (თუ რამდენად სწორად და წარმატებით ხდება ეს, საზოგადოებამ შეაფასოს). როდესაც ორგანიზაცია ამ სფეროში პრობლემებს ხედავს მისი მანდატი, დანიშნულება და მისია სწორედ ის არის, რომ ამის შესახებ სამართლებრივი შეფასება გააკეთოს, საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს და ხელისუფლებას სწორი ქმედებისკენ მოუწოდოს. ვისურვებდით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩვეულებრივი ქმედება უფლებამოსილების გადაჭარბებად არ შეფასდეს და ნებისმიერი თანამდებობის პირის მხრიდან მთავარი აქცენტი იმ პრობლემებზე გაკეთდეს, რომლის მოგვარებაც მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებას წარმოადგენს.
 
 
 
 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge