საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს ანტიკონსტიტუციური კანონი

დღეს, საქართველოს პარლამენტი  საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დამატების შეტანის შესახებ კანონპროექტს განიხილავს. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად ზაკ-ის მე-3 მუხლს უნდა დაემატოს მე-5 ნაწილი:

„5. ამ კოდექსის III თავის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო საარბიტრაჟო, უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან. სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია გაიცემა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების ან/და ამ ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოების წესების შესაბამისად.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული დამატება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლს, რომლის თანახმადაც:

1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

საიას აზრით, ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან საერთაშორისო საარბიტრაჟო, უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მათ მიერ საბოოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში, კონსტიტუციაში მოცემულ საიდუმლო ინფორმაციის არცერთ კატეგორიაში არ ხვდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში არც ის არის დასაბუთებული, აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროება რომელ ლეგიტიმურ ინტერესს აყენებს საფრთხის ქვეშ.

დღეს მოქმედი რედაქციით  საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება III თავის ჩათვლით არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია:

ა) დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლის-სამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან;
ბ) ოპერატიულსამძებრო საქმიანობასთან;
გ) სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან;
გ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებასთან;
დ)  სამხედრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებასთან, აგრეთვე სამხედრო დისციპლინის საკითხებთან, თუ ეს არ ეხება პირის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებს;
ე) საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირთა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშვნისა და გათავისუფლების, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „დ”, „ე”, „ზ”, „თ”, „ო” ქვეპუნქტებით, ასევე მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელებასთან;
ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესრულებასა და საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ კანონში დღეს უკვე არსებული გამონაკლისების ჩამონათვალი სწორედ იმიტომ არ მოიცავს სასამართლოს ხელთ არსებულ ინფორმაციას, რომ მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც სასამართლო რეფორმის საკითხი მწვავე პრობლემას წარმოადგენს.

საქართველო ერთ-ერთი პირველთაგანი იყო იმ თორმეტ ქვეყანას შორის, რომელმაც შარშან ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს კონვენციას ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ. აღნიშნული კონვენცია, ისევე როგორც 2002 წლის ევროპის საბჭოს რეკომენდაცია ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ ასეთ გამონაკლისს არ იცნობს, უფრო მეტიც, აღნიშნული საერთაშორისო აქტების მიხედვით ოფიციალური დოკუმენტები ძირითადად საჯაროა და ისინი შეიძლება არ გამჟღავნდეს მხოლოდ სხვათა უფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე.

აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ შარშან,  ეროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომაც აღიარა ინფორმაციის თავისუფლება, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება.  საქმეში ‘ტარშაშაგ ა სზაბადშაგიოგოკერტი უნგრეთის წინააღმდეგ’ მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვდა ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ევროპის სასამართლომ აღნიშნული ინფორმაციის გაუცემლობა შეაფასა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ინფორმაციის მონოპოლიზება, რომელიც ცენზურის გარკვეულ ფორმას უტოლდება.

საიას ხელთ არსებული ინფორმაციით, არის არასრული ჩამონათვალი იმ საქმეებისა, სადაც საქართველოს მთავრობამ მონაწილეობა მიიღო:

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 თებერვლის #90 განკარგულებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებულ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში თურქეთის კომპანია „თიუსთაშის“ წინააღმდეგ საქმეზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნება დაერთო უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შერჩევა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. 2007 წლის 24 იანვრის N25 განკარგულების საფუძველზე საადვოკატო მომსახურების შესყიდვისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოეყო  შესაბამისი თანხა.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 2 ნომბრის #475 განკარგულებით, პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში ¨Raiffeisen Zentralbank Oesterreich Aktiengeselleschafts"-ის მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფისა მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს უფლება მიეცა განეხორციელებინა საადვოკატო მომსახურების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების მეშვეობით.  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უზრუნველყოსათანადო თანხის გამოყოფა საადვოკატო მომსახურების შესყიდვისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

საქართველის მთავრობის 2006 წლის 21 ივნისის #283 განკარგულებით ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოსა და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად  საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოეყო 40 000  ლარი. განკარგულების შესრულების კონტროლი დაევალა იმავე უწყებას.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის #501 განკარგულებით საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოეყო 20 000 ლარი და 130 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით. განკარგულების შესრულებას კონტროლი დაევალა იმავე სამინისტროს.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის #154 განკარგულებით, რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ კომპანია “ITERA International Energy L.L.C"-ის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში სათანადო თანხის გამოყოფა იუსტიციის სამინისტროსათვის საადვოკატო მომსახურების შესასყიდად. მომსახურების შესყიდვა განხორციელდა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის #53 განკარგულებით საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო  სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოეყო 510.000 (ხუთას ათი ათასი) გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარი. საადვოკატო მომსახურების შესყიდვა განხორციელდა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის #2 განკარგულებით ბათუმი-ქობულეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით პარიზის არბიტრაჟში საქართველოს სახელმწიფოს ინტერსების დასაცავად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოეყოს 230 000 (ორას ოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალეტი ლარობით.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის #25 განკარგულებით საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებსა და ჰოლანდიის სასამართლოში  საქარ¬თველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად და დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოეყო შესაბამისი თანხა.

კომპანიების“iZee Enterprises LLC”-ის, “Lazer-2 Tbilisi LTD”-ისა და “Café Rustaveli LTD”-ის წარმომადგენელი იურიდიული კომპანია ,,Crowell&Moring LLP”-ისაგან მიღებული საარბიტრაჟო შეტყობინების საფუძველზე, UNCITRAL-ის წესების თანახმად ჩამოსაყალიბებელ საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავის წარმოებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა შესაბამისი საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შერჩევა და საადვოკატო მომსახურების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით (მთავრობის 2008 წლის 10 დეკემბრის #866 განკარგულება).

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო წესების (UNCITRAL) თანახმად ჩამოყალიბებულ საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოსა და ინა გუდავაძეს შორის მიმდინარე დავასთან დაკავშირებით, საქართველოს მიერ ფინანსური ვალდებულების შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული მომსახურების შესასყიდად დამატებით გამოეყო 1 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი (მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის #484 განკარგულება).

2007 წლის 17 იანვრის #12 განკარგულებით  საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყო 1 316 000 ლარი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში  საქართველოს წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად.

რასაკვირველია, ნებისმიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ვინაიდან საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი მომსახურებისა და წარმომადგენელობისათვის ხარჯები, როგორც წესი, ‘გაუთვალისწინებელი’ და მაღალია და ის მთავრობის სარეზერო ფონდიდან გამოიყოფა. სარეზერვო ფონდებიდან თანხის გამოყოფის შემთხვევაში კი სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების გამოყენების ვალდებულება უკვე აღარ არსებობს, ამიტომ ერთადერთი საშუალება, რითიც აღნიშნული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება საზოგადოებისათვის, სწორედ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საია მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ აღნიშნული დამატების მიღება მნიშვნელოვანი უკანდახევა იქნება გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის საქართველოში. როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო სასამართლოებში აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობა ყოველთვის იქნება საზოგადოერივი ინტერესის საგანი და მისი შეზღუდვა მხოლოდ  ინდივიდუალურ შემთხვევებში კონსტიტუციით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას და კარგად დასაბუთებული გადაწყვეტილებების მეშვეობით უნდა ხდებოდეს.



ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge