საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინფორმაცია სადამკვირვებლო მისიის შესახებ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 30 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს თბილისსა და 9 რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში დააკვირდება.

 

სტატიკური დამკვირვებლები განთავსდებიან საქართველოს მასშტაბით 300-მდე საარჩევნო უბანში. 40 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 მობილური ჯგუფის მეშვეობით შევძლებთ პრობლემატურ უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას.

 

არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით  მოქალაქეებს შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. კენჭისყრის დღეს, საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით  ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

 

არჩევნების დღეს საიას საარჩევნო-ანალიტიკური ბაზა რეალურ დროში შეაგროვებს ინფორმაციას და მოახდენს მის ანალიზს - საქართველოს ყველა რეგიონში წარგზავნილი დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით.

 

ცხელი ხაზის ნომერია: 223-63-48

 

ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039.

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში 4 პრესკონფერენციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: თავისუფლების მოედანი #1).

პრესკონფერენცია გაიმართება: 10:00 საათზე; 14:00 საათზე; 18:00 საათსა და 21:00 საათზე. ხოლო 31 ოქტომბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას გამართავს 12:00 საათზე.

საიას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge