საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს ტელეკომპანიის ‘თრიალეთი’ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება გუშინ, შუაღამისას ქალაქ გორში მომხდარ ფაქტზე.

2010 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ტელეკომპანიის ‘თრიალეთი’ ჟურნალისტ ლადო ბიჭაშვილს და ოპერატორ იმედა გოგოლაძეს გორის ცენტრში, სტალინის ძეგლის დემონტაჟის პროცესის გაშუქებისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჟურნალისტის განცხადებით, მათ სცემდა დაახლოებით 8 სამართალდამცველი, რომლებმაც ვიდეოკამერა წაართვეს და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების საშუალება არ მისცეს. ლადო ბიჭაშვილის მიხედვით, მოგვიანებით, ვიდეოკამერა მათ სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჯუღელმა დაუბრუნა.

სამართალდამცველებმა ვიდეოკასეტაზე ჩაწერილი მასალის ნაწილი წაშალეს, ხოლო  ჟურნალისტებს ძეგლის დემონტაჟისა და გადატანის დარჩენილი პროცესის გადაღების საშუალება მისცეს.

დღეს, დაახლოებით 15:30 საათზე ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი შსს-ს გორის  რაიონულ სამმართველოში დაიბარეს. აღნიშნულს წინ უძღოდა მუქარა თრიალეთის ეთერში გასული სიუჟეტის გამო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ ფაქტს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად აფასებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვს, დაუყონებლივ მოახდინოს რეაგირება სამართალდამცველების ქმედებაზე.

ჟურნალისტებს საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცის ცენტრის გორის ოფისი  სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენს.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge