საქართველომ ევროპული სასამართლოსთვის ინდივიდუალური საჩივრით მიმართვის უფლება დაარღვია

 

საია პერიოდულად მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელიც საქართველოს უკავშირდება. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია, ვინიდან ის მხოლოდ ერთი პირის უფლებრივ მდგომარეობას არ ცვლის და მსგავს საქმეებზე ვრცელდება.

2020 წლის 26 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ამირიძე საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ საქართველომ ზაზა ამირიძეს ხელი შეუშალა ევროპული სასამართლოსთვის ინდივიდუალური საჩივრით მიმართვის უფლების ეფექტიანად სარგებლობაში, ევროპული კონვენციის 34-ე (ინდივიდუალური საჩივარი) მუხლის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ. 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2006 წლის 8 დეკემბერს მომჩივანს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლით (ადამიანით ტრეფიკინგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების თანახმად, მომჩივანი ფიზიკური ძალისა და მუქარის გამოყენებით აიძულებდა მსხვერპლს, ფულის სანაცვლოდ სექსუალური მომსახურება გაეწია კაცებისთვის. 2007 წლის 22 მაისს გორის რაიონულმა სასამართლომ მომჩივანი წაყენებულ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა. 2008 წლის 15 სექტემბერს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მომჩივნის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. 

2009 წლის 13 იანვარს მომჩივანმა მის ადვოკატებთან ერთად დაიწყო ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად საჩივრის მომზადება. მომჩივანი მის ადვოკატებს შეხვდა სამჯერ, 2009 წლის 13 იანვარს, 6 თებერვალს და 4 მარტს. სამივე შეხვედრა #1 სასჯელაღსრულების დაწესებულების შეხვედრების ოთახში გაიმართა. ციხის ადმინისტრაციის მოთხოვნით ადვოკატთან შეხვედრის დროს მომჩივანს არ ჰქონდა ოთახის კარების დაკეტვის საშუალება, ასევე, ის ადვოკატისგან 2 მეტრის მოშორებით უნდა მჯდარიყო ისე, რომ ციხის თანამშრომელს მისი დანახვა შეძლებოდა. ოთახში ხორციელდებოდა ვიდეო-ჩაწერა. 25 თებერვალს ყოველგვარი მიზეზების განმარტების გარეშე, მომჩივანს არ მიეცა ადვოკატის ნახვის უფლება. 4 მარტის შეხვედრის დროს ადვოკატმა მომჩივანს ევროპულ სასამართლოში გასაგზავნი საჩივარი და საქმის მასალები გადასცა, რომელიც ციხის ადმინისტრაციამ ამირიძეს ჩამოართვა მას შემდეგ, რაც ადვოკატმა დაწესებულება დატოვა. 

ევროპულმა სასამართლომ 26 მარტის გადაწყვეტილებით დაადგინა ევროპული კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევა, რადგან სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო კონფიდენციალური კომუნიკაცია მომჩივანსა და მის ადვოკატს შორის, ევროპულ სასამართლოში წარსადგენი საჩივრის მომზადების ეტაპზე.  

სასამართლომ განმარტა, რომ შესაბამისმა ეროვნულმა უწყებებმა საერთოდ უპასუხოდ დატოვეს მომჩივნის ის წერილები, რომლებიც კომუნიკაციის კონფიდენციალობის დარღვევას ეხებოდა. არც აღნიშნულ საკითხზე და არც შეხვედრების ოთახში არსებულ პირობებზე სახელმწიფოს რაიმე არგუმენტი არ წარმოუდგენია ევროპულ სასამართლოში. ამ პირობებში, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ კლიენტისა და ადვოკატის შეხვედრისთვის განკუთვნილი ოთახი ნამდვილად ისე იყო მოწყობილი, როგორც ამას მომჩივანი აღწერდა. 

სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც შეხვედრების ოთახში ხორციელდებოდა ვიდეო-გადაღება, ყოველგვარის დასაბუთების გარეშე ციხის თანამშრომლის მოთხოვნა, რომ ოთახის კარი, ღია უნდა ყოფილიყო და მომჩივანი ისე უნდა მჯდარიყო, რომ თანამშრომელს მისი დანახვა შეძლებოდა, არ შეიძლებოდა, გამართლებული ყოფილიყო უსაფრთხოების ზომებზე დაყრდნობით. ამგვარ პირობებში შეხვედრა არ უზრუნველყოფდა განმარტოებას და შესაძლოა, წარმოეშვა რეალური რწმენა, რომ ადვოკატსა და კლიენტს შორის გამართული შეხვედრები ციხის ადმინისტრაციისგან ისმინებოდა. სასამართლოს განმარტებით, მსგავსი რწმენის არსებობა უშლის ხელს ადვოკატსა და მის კლიენტს შორის დისკუსიას და სასამართლოსთვის ინდივიდუალური საჩივრით მიმართვის უფლების ეფექტიანად განხორციელების. 

სასამართლომ მომჩივნის საჩივრის ის ნაწილი, რომელიც მის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას შეეხებოდა, დაუშვებლად ცნო, როგორც აშკარად უსაფუძვლო. სასამართლომ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ დაასაბუთა გამამტყუნებელი გადაწყვეტილება და ასევე, დასაბუთებული პასუხი გასცა მომჩივნის მიერ დაყენებულ პრეტენზიებს. დამატებით სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე, სათანადოდ დაასაბუთა მისი უარი მომჩივნის შუამდგომლობაზე, რომლითაც ამირიძე მსხვერპლის განმეორებით დაკითხვას ითხოვდა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ მომჩივანს 1200 ევრო უნდა გადაუხადოს მის მიერ განცდილი მორალური ზიანის გამო. 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge