2017 წლის 8 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების შემდეგ, პირის მიმართ შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამართალდამრღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.
2017 წლის 19 თებერვალს საია-ს დაცვის ქვეშ მყოფი პირი მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა ძველი თბილისის რაიონში, რა დროსაც საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ჯერ გააჩერეს, შემდეგ კი იდენტიფიცირების მიზნით გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. პროცედურების გაჭიანურების გამო მეგობრის მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას მოყვა ორივე პირის წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. ოქმის მიხედვით ჩადენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 177-ე მუხლებით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) გათვალისწინებული ქმედებები.
მეგობრის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი სადაო არ გამხდარა, თუმცა, სხდომაზე მოწმის სახით წარმოდგენილი პოლიციელი აპელირებდა საია-ს მიერ წარმოდგენილი პირის მხრიდანაც სამართალდარღვევის ჩადენაზე. მტკიცებულებად კი წარმოდგენილი იყო პოლიციელთა მიერ შედგენილი ოქმი.
საქმეზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილმა მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა, პირის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომის ჩადენა. მიუხედავად ამისა, არსებული სამართლებრივი რეგულეციებისა და პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ პოლიციელის ჩვენება და შედგენილი ოქმი წარმოადგენდა მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იყო პირის სამართლდამრღვევად ცნობისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება გასაჩივრდა ზემდგომ ინსტანციაში. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საია-ს მიერ წარდგენილი მოსაზრებები და განმარტა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელ გარემოებად, თუ იგი დასტურდება სხვა მტკიცებულებებითაც. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს დაევალა ყოველმხრივ, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად გამოეკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, არ მიენიჭებინა დაუსაბუთებელი უპირატესობა პოლიციელის ჩვენებისთვის სხვა თვითმხილველებთან შედარებით.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge