საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მოქალაქის ცემის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება დაევალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მოქალაქის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2014 წელს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით დაკავებულს მიაყენებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. სასამართლოს მიერ დადასტურდა, რომ პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ფიზიკური ძალის გამოყენებას, რასაც შედეგად მოჰყვა პირის ჯანმრთელობის დაზიანება. დაკავებულს აღენიშნებოდა ექსკორიაციები თხემის, წარბის, ლოყის და ყურის მიდამოებში, ასევე, ორივე მაჯის მიდამოში კანის ჩანაჭდევი, გულმკერდის ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა. ერთ-ერთმა პოლიციელმა დაკავებულს თავში წამოარტყა ხელი, რაც  არამხოლოდ ტკივილის მიყენებას, არამედ პირის დამცირებასაც ისახავდა მიზნად.

აღნიშნული ფაქტების გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა ორივე პოლიციელის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტი და მათ შეუფარდა დისციპლინური სახდელები, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა ძალადობით გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და დაზარალებულს ხელი დაარტყათავის არეში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. დაზარალებულის ინტერესებს 2014 წლიდან დღემდე საია იცავდა.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge