სამუშაო ჯგუფი

კომიტეტი უფლებამოსილია, დამსწრეთა უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ1. ამ მექანიზმის მიზანი მიმდინარე საკითხების დამუშავება და შემქმნელი სუბიექტისთვის წარდგენაა2. მისი ამოცანაა განსახილველი საკითხის ყოველმხრივი გამოკვლევა პოლიტიკური და პროფესიული პერსპექტივიდან, ამიტომაც, როგორც ე.წ. „შერეული კომისია“, კომპლექტდება დეპუტატებით და, ასევე, მოწვეული სპეციალისტებით3

2019 წელს სულ 9 ასეთი ჯგუფი შეიქმნა4, თუმცა მათგან მხოლოდ 6 შემთხვევაში მიიღო კომიტეტმა გადაწყვეტილება5. დანარჩენ 3-ში აქტი საერთოდ არ გამოცემულა6, რაც რეგლამენტის დარღვევაა. 

რეგლამენტი, დამატებით, ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით შესაქმნელ სამუშაო ჯგუფზე7. 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე იურიდიულმა კომიტეტმა 2 ასეთი მექანიზმი ჩამოაყალიბა8. კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მათი მანდატი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ორივე შემთხვევაში ისინი მხოლოდ ტექნიკური მიზნებისთვის შეიქმნა, რაც კანონმდებლობით მათთვის დადგენილ ვალდებულებებს არ შეესაბამებოდა9. ამიტომ, მომავალში იურიდიულმა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფს ფართო მანდატი უნდა განუსაზღვროს და კანდიდატების შეფასება დაავალოს. 

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა 

რეგლამენტის მიხედვით, „კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია შედიოდნენ პარლამენტის წევრები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები10.“ ამ ჩანაწერის განმარტება შეიძლება იმის დაშვებითაც, რომ სამუშაო ჯგუფი სრულად დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდეს და მასში საერთოდ არ შევიდნენ კომიტეტის წევრები, ან - პირიქით, რაც შერეული კომისიის იდეას ეწინააღმდეგება. ამასთან, თუ სამუშაო ჯგუფი მხოლოდ დეპუტატებისგან შეიქმნება, მაშინ მას არაფერი განასხვავებს თემატური მოკვლევისგან11, ხოლო მხოლოდ ექსპერტების შემთხვევაში - კომიტეტებთან არსებული საკონსულტაციო საბჭოსგან12. აუცილებელია, რომ შერეულ კომისიებში წევრთა ნაწილს შეადგენდნენ პარლამენტარები, ნაწილს კი - დამოუკიდებელი ექსპერტები. რეგლამენტით ეს სავალდებულოდ უნდა განისაზღვროს.

საანგარიშო პერიოდში სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: მხოლოდ დეპუტატებით 1 ჯგუფი დაკომპლექტდა; როგორც დეპუტატებით, ისე ექსპერტებით - 1; დეპუტატებით, ექსპერტებითა და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებით - 2; დეპუტატებითა და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებით - 2; საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებით, ექსპერტებითა და პარლამენტის აპარატის წევრებით - 1, ხოლო დეპუტატებით, საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებით, ექსპერტებით და პარლამენტის აპარატის წევრებით13 - 2.  

 

 

სამუშაო ჯგუფებში სულ 161 პირია გაერთიანებული14, ამათგან 45 დეპუტატია, 62 - ექსპერტი, 46 საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები15

 

საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები 6 სამუშაო ჯგუფში არიან ჩართულნი (სულ 46 ადამიანი)16. ამ 6-დან კი, როგორც ითქვა, 1-ში ისინი ადგილებს ექსპერტებთან ინაწილებენ17. რეგლამენტის მიხედვით, საჯარო დაწესებულებების წევრები არ უნდა იყვნენ სამუშაო ჯგუფში და ამ პრაქტიკამ ფეხი არ უნდა მოიკიდოს.

3 ჯგუფში წევრებად, სხვებთან ერთად, შედიან პარლამენტის აპარატის თანამშრომლებიც (სულ 8 ადამიანი)18. სავარაუდოდ, ისინი „დარგის ექსპერტების“ კვოტით დაინიშნნენ, მაგრამ ეს რეგლამენტის არასწორი იმპლემენტაციაა. „დარგის ექსპერტში“ დამოუკიდებელი, გარე სპეციალისტი მოიაზრება. კომიტეტის აპარატის წევრი სამუშაო ჯგუფში არ უნდა იყოს წარმოდგენილი. 

საანგარიშო პერიოდში შექმნილი 9 სამუშაო ჯგუფიდან მხოლოდ 2-ში შედიან ოპოზიციონერი დეპუტატები (სულ 12 ადამიანი)19. სამუშაო ჯგუფში სავალდებულო წესით უნდა იყოს წარმოდგენილი ოპოზიციაც. წევრთა რაოდენობა უნდა განსაზღვროს კომიტეტმა, ნახევარი დაკომპლექტდეს დარგის ექსპერტებით, ხოლო ნახევარი შეივსოს ფრაქციათა პროპორციული მონაწილეობის პრინციპის საფუძველზე. ამასთან, მხოლოდ იმ ფრაქციებს უნდა ჰყავდეთ სამუშაო ჯგუფში წევრები, რომელთა წარმომადგენლებიც შესაბამის კომიტეტში შედიან.

4 სამუშაო ჯგუფში ირიცხებიან ისეთი დეპუტატები, რომლებიც ჯგუფის შემქმნელი კომიტეტების შემადგენლობაში არ არიან20. ასეთი, ჯამში, 13 დეპუტატია21. ეს პრაქტიკა არ შეესაბამება რეგლამენტის მოთხოვნებს. სამუშაო ჯგუფის წევრები აუცილებლად შემქმნელი კომიტეტის წევრები უნდა იყვნენ, რადგან ის სწორედ ამ კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობისთვის იქმნება22. 

1 სამუშაო ჯგუფის წევრთა შემადგენლობა როტაციულია და მათი რაოდენობა მკაცრად დადგენილი არ არის23. ეს ცუდი პრაქტიკაა. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა მყარი უნდა იყოს, რათა მისმა წევრებმა აიღონ პასუხისმგებლობა შესაბამის სამუშაოსა და მის შედეგებზე კომიტეტის წინაშე. რეკომენდირებულია, რეგლამენტმა მკაფიოდ დაადგინოს კომიტეტისთვის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის მყარად განსაზღვრის ვალდებულება.

სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა

რეგლამენტით დადგენილი არ არის სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა, რაც მისასალმებელი ხედვაა. კომიტეტს თავად უნდა შეეძლოს ვადების დადგენა, საკითხის მოცულობიდან გამომდინარე. ვადის განსაზღვრა ხელს უწყობს სამუშაოს ორგანიზებას და ზრდის ანგარიშვალდებულებას. კომიტეტებმა 9-დან 7 შემთხვევაში ჯგუფს საქმიანობის პერიოდი არ დაუდგინეს24. დარჩენილიდან ერთი შექმნილია მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე, მეორე - 10 დღით25

რეკომენდირებულია, რომ კომიტეტმა სამუშაო ჯგუფს შექმნისას განუსაზღვროს ვადა დაკისრებული დავალების სირთულის გათვალისწინებით. ამის შესახებ კი რეგლამენტში შესაბამისი ჩანაწერი უნდა გაჩნდეს.

სამუშაო ჯგუფების უფლებამოსილება

რეგლამენტი სამუშაო ჯგუფის მანდატს არ განსაზღვრავს. როგორც წესი, მათ საქმიანობის წესები არ გააჩნიათ26. დებულება მხოლოდ 1 ჯგუფს აქვს27. თუმცა, რეკომენდირებულია, კომიტეტს რეგლამენტით დაევალოს სამუშაო ჯგუფის შექმნისას მისთვის მანდატის, პერსონალური შემადგენლობის, მინიმალური სამუშაო წესების და ა.შ დადგენა.

გიორგი ალავერდაშვილი 

საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსი 

ბლოგპოსტი მომზადებულია პროექტის - „უსაფრთხოების სექტორში საიდუმლო შესყიდვებზე საპარლამენტო ზედამხედველების ხელშეწყობა“ - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ.

 

 

 


[1] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-10 პუნქტი.

[2] იქვე, 46-ე მუხლი.

[3] იურიდიული კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების შეფასება, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/yxoam37j, განახლებულია: 10.07.20.

[4] იხ. ცხრილი.

[5] იქვე.

[6] იქვე.

[7] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

[8] იხ. ცხრილი.

[9] იურიდიული კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების შეფასება, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/yxoam37j, განახლებულია: 10.07.20.

[10] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლი.

[11] იხ. ბლოგ-პოსტი: ალავერდაშვილი გ., „თემატური მოკვლევის ჯგუფი – ნოვაცია ქართულ პარლამენტარიზმში“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3frHkDS, განახლებულია: 10.07.20.

[12] კომიტეტი უფლებამოსილია, დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის  მიზნით, პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, შექმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. საბჭო შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური სპეციალისტებისგან. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.

[13] იხ. ცხრილი.

[14] იქვე. ერთ სამუშაო ჯგუფში წევრთა შემადგენლობა როტაციული იყო. ამიტომ, ცხრილში მოცემულია იმ ორგანოთა ჩამონათვალი და საერთო რაოდენობა, რომელთა წარმომადგენლებითაც დაკომპლექტდა იგი. ასეთი, ჯამში, 9 სტრუქტურა იყო.

[15] იქვე.

[16] იქვე.

[17] იქვე.

[18] იქვე.

[19] იქვე.

[20] იქვე.

[21] იქვე.

[22] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლი.

[23] იხ. ცხრილი.

[24] იქვე.

[25] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 165-ე მუხლის მე-6 პუნქტი.

[26] საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 10 დეკემბრის #1-22143/19 წერილი.

[27] ეს არის „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების“ სამუშაო ჯგუფი, რომლის დებულებაც კომიტეტის თავმჯდომარემ დაამტკიცა. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის დებულება, დოკუმენტი ხელმისაწვდომია პარლამენტის ვებგვერდზე: https://tinyurl.com/y5jst5vw, განახლებულია: 10.07.20. კომიტეტის თავმჯდომარის განკარგულება ჯგუფის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ ხელმისაწვდომია პარლამენტის ვებგვერდზე: https://tinyurl.com/yc5w7zuo, განახლებულია: 10.07.20.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge