სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების უფლებრივი მდგომარეობა უარესდება

5 მაისს, საქართველოს პარლამენტმა, მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“. უპირველეს ყოვლისა, გვსურს განსაკუთრებული წუხილი გამოვხატოთ კანონპროექტის განხილვის დაჩქარებულ ტემპებთან დაკავშირებით, რამაც საკითხით დაინტერესებულ პირთა წრეს მოუსპო საშუალება ჩართულიყო პროცესებში და ინიციატორებისთვის წარედგინა საკუთარი შეხედულებები მასთან დაკავშირებით. აღნიშნული კანონპროექტით მნიშვნელოვნად უარესდება საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მდგომარეობა და საფრთხის ქვეშ დგება მათი შრომითი გარანტიების არსებობა. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შეეხება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირების სამსახურში აღდგენისა და განაცდურის მიღების საკითხებს, კერძოდ:

 

·         დგინდება განაცდურის ოდენობის ზედა ზღვარი - არაუმეტეს მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს 3 თვის ოდენობისა. შესაბამისად, უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ერთმევა უფლება, მოითხოვოს განაცდურის სრული ოდენობით ანაზღაურება, იძულებით მოცდენის მთელი პერიოდის გათვალისწინებით. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ პირს შეუძლია მიიღოს განაცდური მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს 3 თვის ოდენობით, მიუხედავად იმისა აჭარბებს თუ არა სამსახურში იძულებით არყოფნის პერიოდი 3 თვეს. მსგავსი ჩანაწერი ცალსახად ლახავს დასაქმებული პირის კანონიერ ინტერესს.

·         განაცდურის გაცემა შესაძლებელი ხდება მხოლოდ პირის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში. აღნიშნული გამორიცხავს პირის მიერ განაცდური ხელფასის მიღების შესაძლებლობას, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მისი გათავისუფლების შესახებ აქტი ბათილად იქნება ცნობილი სასამართლოს მიერ, თუმცა პირი ამ საფუძვლით არ იქნება აღდგენილი სამსახურში. კანონპროექტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია დაწესებულებას დაავალოს ახალი აქტის გამოცემა, პირის გათავისუფლებასთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, რაც დაწესებულებას უტოვებს შესაძლებლობას, უარი უთხრას პირს სამსახურში აღდგენაზე ახალი აქტის გამოცემის გზით. ასეთ შემთხვევაში სახეზეა, იძულებით განაცდური პერიოდი, რომლის განმავლობაშიც პირი ვერ იღებდა შრომით გასამრჯელოს, ასევე სახეზეა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი პირის გათავისუფლების შესახებ დაწესებულების გადაწყვეტილება, თუმცა ამის მიუხედავად პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს განაცდური ხელფასი, ვინაიდან დაწესებულების გადაწყვეტილებით არ მოხდა მისი აღდგენა სამსახურში.  

·         კანონპროექტის მოქმედება გავრცელდება კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართალურთიერთობებზეც. ვინაიდან განაცდურის მიღება დაკავშირებულია საკუთრების უფლებასთან, სახელმწიფოს არ შეუძლია სათანადო, ობიექტური საფუძვლების არსებობის გარეშე უარი თქვას მის მიერ მანამდე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. პირებს, რომლებიც წარმოადგენენ განაცდურთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილეებს, აქვთ ლეგიტიმური მოლოდინი კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიმართ, რაც გამოიხატება მათთვის განაცდურის სრულად ანაზღაურებაში. კანონპროექტის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, აღნიშნული პირების მდგომარეობა სრულიად დაუსაბუთებლად გაუარესდება.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge