შიდა ქართლში რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები ადამიანების პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გააცნეს. შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ორგანიზაცია „ქალი და განვითარებასთან“ ერთად გამართა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან და მერის მოადგილესთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ის საკითხები, რომლებიც საიას გორის ოფისმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრებ მოსახლეობასა და ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გამოკვეთა. პრობლემების მოგვარების მიზნით, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან შეთავაზებული იქნა შემდეგი რეკომენდაციები:
1. შეიქმნას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გატაცებული ადამიანებისთვის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის სპეციალური პროგრამა;
2. შემუშავდეს სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების შესახებ საკომუნიკაციო სტრატეგიის დოკუმენტი;
3. მუნიციპალიტეტის სოფლები უზრუნველყოფილნი იყვნენ მუნიციპალური ტრანსპორტით;
4. უზრუნველყონ სკრინინგ პროგრამა მუნიციპალურ დონეზე;
5. ჩართონ მოსახლეობა ადგილობრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღებაში, მათ შორის, მათ ჰქონდეთ წინასწარი ინფორმაცია სოფლის კრებების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ.
არსებული რეკომენდაციებიდან, შეხვედრის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მზადყოფნა გამოთქვეს, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლებში მუნიციპალური სერვისების შესახებ საინფორმაციო განცხადებების განთავსების ადგილები რაოდენობა გაიზრდება.
ორგანიზაციებმა ადგილობრივ ხელისუფლებას ინიციატივით მიმართეს, რათა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პროაქტიულად შეისწავლის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს, რათა შესაბამის პირებს ჰქონდეთ უწყვეტი ინფორმაცია მოსახლეობის საჭიროების შესახებ. მუნიციპალიტეტის მხრიდან გაცხადდა მზაობა იდენტიფიცირებული პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობის გაგრძელებაზე.
პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ‘Strengthening Civil Society in the Eastern Partnership’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთით და ევროკავშირის თანადაფინანსებით.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge