სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება 'იდენტობას' ინიციატივაზე
ადამიანის სათანადო საცხოვრისის უფლებით უზრუნველყოფის სახელმწიფო ვალდებულება საქართველოში ხშირად ირღვევა. სიღარიბის უკიდურესი ფორმის - უსახლკარობის მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკა დღემდე არ არსებობს. ასეთი ადამიანები სახელმწიფოსგან სოციალურად დაუცველობის სტატუსსაც კი ვერ იღებენ რადგან კანონი მათგან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებას ითხოვს. განვლილი წლების განმავლობაში მედიით რეგულარულად ვრცელდებოდა ინფორმაცია ზამთარში სიცივით გარდაცვლილ უსახლკარო ადამიანების შესახებ. უსახლკარო ადამიანთა მიმართ სახელმწიფო ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში, არასამთავრობო ორგანიზაციამ “იდენტობა” თავშესაფრის შექმნა იმ მიზნითაც განიზრახა, რომ გამოცდილება დაეგროვებინა და მომავალში ის ხელისუფლებისთვის გაეზიარებინა. თავშესაფარი ასეთ ადამიანებს საცხოვრებელს, კვებას, ფსიქოლოგიურ, სამედიცინო, იურიდიულ დახმარებას და დასაქმებას შესთავაზებდა.
სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს უმაღლესი რანგის მოხელეებმა ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს, მას დაუპირისპირდნენ და არაკომპეტენტური განცხადებებიც გააკეთეს. რადგან მსგავს შეზღუდვას ქართული და საერთაშორისო სამართალი არ იცნობს, სიმართლეს არ შეეფერება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადება თითქოს თავშესაფრის გახსნის უფლება მხოლოდ სახელმწიფოს ჰქონდეს (“ქრონიკა” 12.11; 20:35 წთ).
მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული კომენტარები (,,თუ ვინმეს კეთილი საქმის გაკეთება უნდა, ეს კეთილი საქმე უნდა გააკეთოს ისე, რომ არ დაარღვიოს კანონი” და “უკაცრავად, მაგრამ ქვეყანაში არსებობს წესრიგი”) გარდა იმისა, რომ სამართლებრივად უსაფუძვლოა, სხვა მხრივაც საჭიროებს დაფიქრებას: გაუგებარია, რატომ აღმოჩნდა ასეთი საპასუხისმგებლო სტატუსის მქონე პირისთვის კრიტიკის საგანი თავად ინიციატივა და რატომ არ მოჰყვა ადეკვატური რეაგირება იმ მუქარას, რომელიც “იდენტობას” მიმართ გაცხადდა?
სამწუხარო ფაქტია, რომ ხელისუფლებიდან არცერთ თანამდებობის პირს არ გამოუთქვამს თავისი მოსაზრება ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ გაჟღერებულ ისეთ იდეებზე, როგორიცაა: საქართველოს პარლამენტში რელიგიური ნიშნით ფრაქციის შექმნა; სახალხო დამცველად ეკლესიის წარმომადგენლის განწესება; სიკეთის კეთებაზე ეკლესიის საავტორი უფლების დაწესება და ა.შ.
სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მსჯელობაც, რომ “იდენტობა” ორ საერთაშორისო კონვენციას არღვევს. ამასთან, უადგილო იყო დეინსტიტუციონალიზაციასა და “მიუსაფარი ბავშვების” საკითხებზე საუბარი მაშინ, როდესაც “იდენტობის” ინიციატივა მხოლოდ უსახლკარო ადამიანებსა და ოჯახებზე იყო მიმართული. მინისტრს ჯერ კიდევ არ განუმარტავს თუ რ იყო მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზანი.
შემაშფოთებელია მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციაც, რომელიც უსახლკაროთა პრობლემის მოგვარების საკითხში “იდენტობის” მონაწილეობის აკრძალვა მოითხოვს. “ჩვენ არცერთ ადამიანს არ დავზოგავთ”, ნათქვამია პატრიარქის მდივნის განცხადებაში. საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაში განმეორებულია, რომ “იდენტობას” “მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის დაარსება” აქვს განზრახული, რაც ორგანიზაციისთვის იმის დაბრალებაა, რაც მას არასდროს განუზრახავს. საპატრიარქო ვერც გონივრულად და ვერც სამართლებრივად ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არ უნდა დაეხმაროს “იდენტობა” ადამიანებს. საგანგაშოა რელიგიური ორგანიზაციის მიზანმიმართული მცდელობა გარიყოს ორგანიზაცია “იდენტობა” და ზოგადად ლგბტ ადამიანები საზოგადოებრივი სივრციდან, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდეს და განადგურებით დაემუქროს მათ. ამით, მართლმადიდებლური ეკლესია კიდევ ერთხელ უხეშად არღვევს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს. სახელმწიფოს პასუხი კი ამ ყველაფერზე არის უპასუხისმგებლო დუმილი.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ღრმად გვწამს - საზოგადოების გამთლიანებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში მსგავსი ინიციატივები უმნიშვნელოვანესია და ვაცხადებთ, რომ:
ვგმობთ პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან “იდენტობას” წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას და მოვითხოვთ შესაბამისმა სტრუქტურებმა ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ძალადობის გაჟღერებულ მუქარაზე, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს იგი;
სახელმწიფოსგან მოვითხოვთ, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და უსახლკარო ადამიანებისთვის სახელმწიფო თავშესაფრების მოწყობაზე დროულად დაიწყოს ზრუნვა.
მივესალმებით თავშესაფრის დაარსების იდეის მიმართ თითოეული ადამიანისა და ორგანიზაციის ინიციატივას, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მხარდაჭერას და ვაცხადებთ, რომ თავდაპირველად განზრახული თავშესაფრის მშენებლობა გაგრძელდება. უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი ორგანიზაციები, “იდენტობასთან” თანამშრომლობით, უსახლკარო ადამიანთა საკითხების მოსაგვარებლად სამუშაო გეგმას წარმოვადგენთ.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
1)საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
2)სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
3)საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
4)წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
5)კონსტიტუციის 42-ე მუხლი
6)საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI-GEORGIA)
7)საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
8)ქურთული ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი
9)კავშირი “საფარი”
10)“მრავალეროვანი საქართველო”
11)“ლგბტ საქართველო”
12)ფონდი ALPE
13)ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
14)საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
15)მედიის განვითარების ფონდი MDF
16)არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა"
17)“მულტიმედია ჯგუფი რეაქტორი"
18)“იდენტობა”
19) ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ხელმომწერი კერძო პირები:
თამარ გურჩიანი - ადამიანის უფლებათა დამცველი
ნინო დანელია - ასოცირებული პროფესორი
ლელა რეხვიაშვილი - პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტობის კანდიდატი
ქეთი დევდარიანი - სცენარისტი
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge