სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ ქვეყანაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობასა და განცხადებებზე, რომლებიც UEFA-ს მიერ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დაჯილდოების დაანონსებას მოჰყვა. ”არა ფობიას!” მხარდაჭერას უცხადებს ლგბტ თემის წევრებს, რომლებიც ცხოვრების ყველა სფეროში უშუალოდ ექვემდებარებიან ჩაგვრას და დისკრიმინაციის მსხვერპლები ხდებიან. პლატფორმა ასევე მხარს უჭერს გურამ კაშიას და ყველა იმ პირს, რომლებიც, მიუხედავად საზოგადოების რიგი წევრების ზეწოლისა, ლგბტ თემის წევრებს ღიად და თამამად უცხადებენ სოლიდარობას.
გასული წლის ოქტომბერში გურამ კაშიას მიერ, საფეხბურთო მატჩის დროს, ლგბტ სიმბოლიკის ამსახველი სამკლაურის გაკეთებას, საზოგადოებისა და ექსტრემისტული დაჯგუფებებისა, თუ რიგი პოლიტიკური პარტიების მხრიდან აგრესიის შემცველი ჰომოფობიური განცხადებები და ქმედებები მოჰყვა. ამა წლის 22 აგვისტოს UEFA-მ დააწესა ახალი ჯილდო #EqualGame, რომელიც, პირველად გურამ კაშიას გადაეცემა ლგბტ პირთა მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის. აღნიშნულმა ჟესტმა აგრესიის ახალ ტალღას მისცა ბიძგი. მაგალითად, მოძრაობა "ქართული მარშის” წევრმა კონსტანტინე მარგოშიამ, უეფას მიერ გურამ კაშიას დაჯილდოების საპასუხოდ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ჰომოფობიური და მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა: "შენ ჩამოდი 9 სექტემბერს თბილისში და დანარჩენს კი ნახავ".
მისასალმებელია, რომ აღნიშნულის თაობაზე რეაგირება მოახდინა შსს-მ და კონსტანტინე მორგოშია გამოკითხვაზე დაიბარა. აქვე მისასალმებელია ისიც, რომ გურამ კაშიას სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა- ლევან კობიაშვილმა, ვიცე პრეზიდენტმა- ნიკა ჯღარკავამ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა ნაწილმა. თავად გურამ კაშიამ მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას შემდეგნაირად უპასუხა: "სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში”
გურამ კაშიას მიმართ გამოხატული აგრესია და ძალადობის მუქარა პირველ რიგში, ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული ჩაგვრისა და ძალადობის სისტემურობასა და სიმძიმეს აჩვენებს. ლგბტ ადამიანები კანონმდებლობის დონეზე თანასწორობის ფორმალური აღიარების მიუხედავად, პრაქტიკაში იგნორირებას, სისტემურ ჩაგვრასა და ძალადობას განიცდიან. კვლავ პრობლემად რჩება სახელმწიფო უწყებებსა და ადმინისტრაციულ პრაქტიკებში ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობიის საკითხი, ხოლო განათლების სისტემისთვის კი კვლავ გამოწვევას წარმოადგენს თანასწორი, თავისუფალი და სხვა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში საკუთარი ფუნქციის სათანადოდ შესრულება. ამ პირობებში სხვადასხვა პოლიტიკური და სოციალური ჯგუფების მიერ მხარდაჭერილი და პოლიტიკურად ინსტრუმენტალიზებული ჰომოფობია არსებითად აზიანებს დემოკრატიული განვითარების პროცესს. სამწუხაროდ, ხელისუფლება და პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებები ვერ ახერხებენ თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკური დისკურსის შექმნას და საზოგადოებაში გაჩენილი სოციალური კონფლიქტების სისტემურ გადაჭრას. კვლავ გამოწვევად რჩება ძალადობის, დისკრიმინაციის, მუქარის ფაქტებზე სათანადო და დროული სამართლებრივი რეაგირების საკითხი.
მომეტებული ჰომოფობიური განწყობების ფონზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ელიტის, არსებითად კი სახელისუფლებო პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან თანასწორობის მხარდამჭერი მკაფიო საჯარო განცხადებების გავრცელება და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მუქარის შემცველ განცხადებებსა და კონფლიქტის პროვოცირებისკენ მიმართულ ყველა ქმედებაზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება. ასევე, მნიშვნელოვანია 9 სექტემბერს დაგეგმილი მატჩის მშვიდობიან ფონზე გამართვის უზრუნველყოფა.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საფარი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge