სამართლებრივი განმარტებები ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხზე

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირი - ოთარ ფარცხალაძე, სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა, რის მიზეზადაც, დეპარტამენტი ასახელებს ოთარ ფარცხალაძის კავშირს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან.[1] გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთარ ფარცხალაძემ, ასევე, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტის, ალექსანდერ ონიშენკოს დახმარებით, რუსული პასპორტი და სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.[2]

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას შეუნარჩუნდა საქართველოს მოქალაქეობა.[3]სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.[4] კანონი პირდაპირ ადგენს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისთვის, უნდა არსებობდეს საქართველოს შესაბამისი უწყების წინასწარი თანხმობა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან წინასწარი თანხმობის გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია.

საგულისხმოა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ოთარ ფარცხალაძეს შესაბამისი უწყებისთვის არ მიუმართავს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მიზნით. ამასთან, პრეზიდენტმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს.[5]

კანონის შესაბამისად, თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის (შემდგომ – სააგენტო) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის არსებობის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი, სააგენტო თავადვე განიხილავს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. ფარცხალაძის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ ცნობები რამდენიმე თვის წინ მედიის მიერ უკვე გაშუქდა, შესაბამისად სააგენტოს კანონით დადგენილი პროცედურები აქამდე საკუთარი ინიციატივით უნდა დაეწყო და შესაბამისი დასკვნა პრეზიდენტისთვის წარედგინა.  

გარდა ამისა, შესწავლის შედეგად შესაძლებელია გამოიკვეთოს მოქალაქეობის დაკარგვის კიდევ ერთი საფუძველი:

- საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში შესვლა;[6]

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოთარ ფარცხალაძე, საქართველოს სახელმწიფოს ნებართვის გარეშე, საქმიანობდა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურთან, ასევე შეიძლება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დამატებითი საფუძველი გახდეს. 

რატომ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ოთარ ფარცხალაძისთვის?

2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის 19 სექტემბერს შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. 

სებ-ის მხრიდან ბრძანებაში ცვლილების შეტანის დრო და გარემოებები აჩენს დასაბუთებულ საფუძველს, რომ ეს სწორედ ერთი პირის, ოთარ ფარცხალაძის ინტერესებს ემსახურება, რაც მიუღებელი და შეუთავსებელია კონსტიტუციურ წესრიგთან. ნებისმიერ კონტექსტში მის მიმართ საქართველოს მოქალაქისთვის განკუთვნილი იურიდიული გარანტიების კუთხით აპელირება მოკლებულია საფუძველს. ის ფაქტი, რომ ფორმალურად იგი ჯერ კიდევ ფლობს საქართველოს მოქალაქეობას, კანონის დარღვევას წარმოადგენს.

 

 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia)

 

 


[1] Russia-related Designations, Designations Updates, and Designations Removals; Issuance of Russia-related General Licenses,U.S. DEPARTMENT OF THE TREASURY, 09.14.2023;  https://ofac.treasury.gov/recent-actions/20230914

[2] Imposing Further Sanctions in Response to Russia’s Illegal War Against Ukraine, U.S Department of State, 14.09.2023; https://www.state.gov/imposing-further-sanctions-in-response-to-russias-illegal-war-against-ukraine/?fbclid=IwAR0_9e9UWGbTFOK3Nxuyo4wBmzGGeLKH7NQIowGcd26zcwnWOt3vmxFiFvs

[3] საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, მუხლი 21.1.გ

[4] საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, მუხლი 211.1

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, მუხლი 211.1

[5]https://www.facebook.com/zourabichvilisalome/posts/pfbid0wiS3TKDPNdtis6UB45eujvcBtBj8JqNf57QdLb2iBxeXfZhfvCkKJp8WSGVcUG7Yl;https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/48022-ratom-aqvs-partskhaladzes-ormagi-moqalaqeoba-bregadzis-utskeba-kitkhvas-gau

[6] საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, მუხლი 21.1.ა

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge