საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას წარუდგინა სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებთან დაკავშირებით საიას წარმოებაში არსებული 22 საქმის ანალიზი. საია საადვოკატო დახმარებას უწევს არაერთ დაზარალებულს თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივ ქმედებას სამართალდამცავი ორგანოების, უმეტეს შემთხვევაში, პოლიციის წარმომადგენელთა მხრიდან. ანგარიშში შეფასებულია სახელმწიფოს რეაგირების ეფექტურობა აღნიშნული დანაშაულების გამოძიების, დამნაშავე პირთა გამოვლენის და მათი დასჯის, ასევე, დაზარალებულის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ეფექტურობის შეფასება, საზოგადოებისა და შესაბამისი უწყებებისათვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ხარვეზების გამოვლენას და მათ აღმოფხვრას ისეთი დანაშაულების გამოძიებისას, რომლებიც შესაძლოა თავად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ არის ჩადენილი, რის გამოც, ასეთი დანაშაულების ეფექტურად გამოძიების საჯარო ინტერესი და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება დამნაშავის გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის საკითხის მიმართ განსაკუთრებით მაღალია.
საიას წარმოებაში არსებული იმ 22 სისხლის სამართლის საქმის გაანალიზების შედეგად, რომლებზეც გამოძიება დაიწყო სავარაუდოდ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, შემდეგი ძირითადი ხარვეზები და პრობლემები გამოიკვეთა:
- ცემის თუ სამართალდამცავთა მხრიდან სხვაგვარი ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება, უმეტესად, არაეფექტურად მიმდინარეობს, რაც, როგორც წესი, გამოიხატება გამოძიების გაჭიანურებაში, ხოლო რიგ შემთხვევებში - სხვა ხარვეზების არსებობაში.
- სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლებს, როგორც წესი, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები უარს ეუბნებიან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.
- პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ დაექვემდებარნენ სამართალდამცავთა მხრიდან ცემას ან სხვა სახის არასათანადო მოპყრობას, რიგ შემთხვევაში, სამართალდამცავთათვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობის მოტივით, თავადვე გახდნენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტები, ხოლო რამდენიმე შემთხვევაში, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნაც დაიწყო.
- სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თუ სისხლისსამართლებრივი ბრალდების საქმის განხილვისას, რიგ შემთხვევებში, არ ხდება ფაქტების სათანადოდ გამოკვლევა და გადაწყვეტილება ხშირად მხოლოდ პოლიციელთა იდენტურ ჩვენებებს ეფუძნება.
- პოლიციელთა მიერ მიცემული ჩვენება, როგორც წესი, სასამართლოში სარგებლობს ნდობის მაღალი სტანდარტით და მსგავსი ჩვენებების სანდოობა სასამართლოს მხრიდან ეჭვქვეშ, ძირითადად, არ დგება.
სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, საიას წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების არაეფექტურობა ცხადყოფს ამგვარი დანაშაულების გამოძიების დამოუკიდებელი, ნეიტრალური და ეფექტური მექანიზმის შექმნის აუცილებლობას. საია გააგრძელებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლთა უფლებების დაცვას და აღნიშნული დანაშაულების გამოძიების ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობას.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge