2022 წლის 4 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, რომელიც პორნოგრაფიის გავრცელების აკრძალვას შეეხება. საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებაში (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) არაკონსტიტუციურად ცნო სრულწლოვანთა პორნოგრაფიის გავრცელების დანაშაული. მოსარჩელის ინტერესებს, იურისტ გიორგი ფრიდონიშვილთან და მარიამ წერეთელთან ერთად, საია იცავდა. აღსანიშნავია, რომ საია ამ საქმეს 2017 წლიდან აწარმოებდა. მათ შორის, საერთო სასამართლოებში იცავდა იმ პირის უფლებებს, რომელიც ბუნდოვანი კანონის პირობებში, პორნოგრაფიის გავრცელების გამო დააკავეს.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ტერმინი „პორნოგრაფია“ ბუნდოვანი და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. გაურკვეველია, როგორი სექსუალური სცენები ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად - პორნოგრაფიად, და რა ჩაითვლება ეროტიკად, რომლის ნახვის ლეგიტიმური უფლება შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კონკრეტული მასალის პორნოგრაფიად მიჩნევა დამოკიდებული ხდება ხელოვნებათმცოდნის დასკვნაზე. რის გამოც, იქმნება იმის საფრთხე, რომ ერთი და იგივე ნაწარმოები ერთმა ხელოვნებათმცოდნემ პორნოგრაფიად მიიჩნიოს, სხვამ - არა. იმავდროულად, რა ჩაითვლება პორნოგრაფიად დამოკიდებულია მოსამართლეზე. შესაძლოა ერთი და იმავე ვიდეომასალა ერთმა მოსამართლემ პორნოგრაფიულად მიიჩნიოს და მისი გამავრცელებელი ორი წლით ციხეში გაუშვას, სხვა მოსამართლემ იგივე მასალა პორნოგრაფიად არ მიიჩნიოს და ბრალდებული გაამართლოს. ამის მიზეზია ის, რომ არ არსებობს არც ერთი კანონი, რომელიც განსაზღვრავდა იმას, თუ რას ნიშნავს პორნოგრაფია.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2023 წლის 1 მაისამდე პარლამენტს მისცა დრო კანონის მისაღებად, რომლითაც განისაზღვრება პორნოგრაფიის ცნება. ამასთან, პარლამენტს დაევალა კანონით იმის განსაზღვრა, რა ტექნიკური საშუალებით შეიძლება სრულწლოვანმა ადამიანებმა ისე მიიღონ ინტერნეტის მეშვეობით პორნოგრაფიული მასალა, რომ ეს ვებგვერდები ხელმისაწვდომი არ იყოს არასრულწლოვანებისა და იმ სრულწლოვანებისათვის, რომლებსაც არ სურთ პორნოგრაფიული მასალის მიღება.
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა პორნოგრაფიის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში (კონსტიტუციის მე-17 მუხლი). აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლე, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი განსხვავებულ აზრში მხარს უჭერდნენ სარჩელის ამ ნაწილშიც დაკმაყოფილებას. ამის მიუხედავად, სიტუაცია არ იცვლება. გასაჩივრებული ნორმა, რომლის მიხედვითაც პორნოგრაფიის გავრცელება იკრძალება, ძალადაკარგული იქნება 2023 წლის 1 მაისიდან.
ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge