2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი და არაკოსნტიტუციურად ცნო უცხო ქვეყნისც მოქალაქეზე ქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობის სავალდებულოობა. სასამართლომ კრიტიკულად შეაფასა სადავო ნორმის ლეგიტიმურობა და დაასკვნა, რომ “სააგენტოს სავალდებულო თანხმობის შემოღებით სახელმწიფომ დაბრკოლება შეუქმნა მოსარჩელის ქორწინების თავისუფლების რეალიზაციას”, ისე რომ არ დაუსაბუთებია, დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობა.
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-5 პუნქტის ფორმულირების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან საქართველოს მოქალაქის ქორწინების რეგისტრაცია დამოკიდებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებართვაზე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისს მიმართა. საქმეში საია წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქის, სალომე წერეთელი-სტივენსის ინტერესებს, რომელმაც 2006 წლის 9 სექტემბერს აშშ-ს მოქალაქე მეთიუ რაიენ სტივენსზე იქორწინა. სადავო ნორმის საფუძველზე, მოსარჩელემ სამოქალაქო რეესტრის შესაბამის სამსახურში წარადგინა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სავალდებულო თანხმობა, რომელშიც, სახელმწიფო ბაჟის სახით 120 ლარი გადაიხადა. სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, 2008 წლის 21 მარტს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რითაც ძალადაკარგულად ცნო სადავო ნორმა. თუმცა ამ ფაქტს არ გამოუწვევია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებითი განხილვის შეწყვეტა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge