ხვალ, 11:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს საქმის - ,,ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებით განხილვას. ირაკლი ხვედელიძის სახელით საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის სექტემბერში მიმართა იმ მიზნით, რომ შეიცვალოს დღეისათვის მოქმედი უფლებების შემზღუდველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
საკონსტიტუციო სარჩელით მოთხოვნილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლითაც პირს გასაჩივრების კონსტიტუციური უფლება ეზღუდება. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, დადგენილება ადამიანის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე საჩივრდება 10 დღის ვადაში სასამართლო დარბაზში მისი გამოცხადების მომენტიდან. აღსანიშნავია, რომ სასამართლო დარბაზში ცხადდება დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი. სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ანუ მიზეზები, რატომ იქნა ადამიანი ცნობილი სამართალდამრღვევად, არ ცხადდება სასამართლო დარბაზში. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი პირს ცალკე ეგზავნება. ამის მიუხედავად, გასაჩივრების 10 დღიანი ვადა აითვლება არა სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების მომენტიდან, არამედ დარბაზში სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტიდან. ბუნებრივია, თუ ადამიანმა არ იცის მიზეზები, რის გამო მოხდა მისი სამართალდამრღვევად ცნობა, იგი მოკლებულია ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას. პრაქტიკაში კი არის შემთხვევები, როდესაც სასამართლო დასაბუთებულ დადგენილებას პირს 10 დღის გასვლის შემდეგ უგზავნის.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას. იმის გამო, რომ 10 დღიანი ვადა აითვლება სასამართლო დარბაზში მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, და არა მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, ამით მხარეს ეზღუდება სასამართლო გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების კონსტიტუციური უფლება. ამიტომ საია აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაცვლელად საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სხვა სარჩელებს გაეცანით ამ ბმულზე
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge