2024 წლის 22 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საიას კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც სადავოდ არის ქცეული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი პირის პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები. ამ დროისთვის მცირე მნიშვნელობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს ინახავს 10 წლის ვადით, ხოლო შედარებით მძიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე (მაგალითად, წვრილმანი ხულიგნობა, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება) 20 წლის ვადით.
აღსანიშნავია, რომ თუკი პირი ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენს სამართალდარღვევას, ის არსებული რეგულაციებით რეაბილიტირებულად (სამართალდარღვევის არმქონე პირად) ითვლება. ამის მიუხედავად, საინფორმაციო ბანკში პერსონალური მონაცემების შენახვით ადამიანი 10 ან 20 წლით, რეაბილიტირებულად არ ითვლება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ამასთან, საინფორმაციო ბანკში არსებული მონაცემები შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს სამართალდამრღვევი პირის პოტენციური დამსაქმებლისათვის 4-დან 8 წლის განმავლობაში და მონაცემების შენახვამ ხელი შეუშალოს პირს დასაქმებაში.
საიას მოსაზრებით, არსებული ნორმები წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, რომლითაც გარანტირებულია ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება.
ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge