სახელმწიფოს უმოქმედობა ფემიციდის ჩადენის მიზეზად იქცა

საიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ფემიციდის შესახებ საქმე მოიგო. სასამართლომ დღეს დაადგინა, რომ სახელმწიფო იყო პასუხისმგებელი ქალის სიცოცხლის მოსპობაზე, რადგან შესაბამისმა სტრუქტურებმა არაფერი გააკეთეს მის დასაცავად.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამით დადგინდა, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია ძალადობის მსხვერპლი ქალის სიცოცხლის მოსპობაზე, თუ იგი  მის დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ზომებს არ მიმართავს.

2014 წლის 25 ივლისს, ქ. ზესტაფონში, 19 წლის სალომე ჯორბენაძე მისმა ყოფილმა მეუღლემ, პოლიციელმა სერგი საცერაძემ მოკლა. მკვლელობამდე სალომემ მიმართა პოლიციას, პროკურატურისა და შსს-ს გენერალური ინსპექციას. ის ითხოვდა  დაცვას მოძალადისგან. სახელმწიფომ მისი მოთხოვნა უყურადღებოდ დატოვა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები არ გაატარა, რამაც მოძალადეს სალომეს მოკვლის შესაძლებლობა მისცა.

საია სასამართლოში დაზარალებულის ოჯახის ინტერესებს 2015 წლის 24 ივლისიდან იცავდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ, საიას სარჩელის საფუძველზე,  სალომეს მკვლელობისთვის შსს-ს და მთავარი პროკურატურის პასუხისმგებლობა დაადგინა და მათ სალომეს დედისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ამის მიუხედავად, სახელმწიფომ არ აღიარა პასუხისმგებლობა, შსს-მ და მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. დღეს სასამრთლომ მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს ვალდებულია ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სიცოცხლე დაიცვას. 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge