სახელმწიფომ სექსუალური შევიწროება დასჯადი უნდა გახადოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტების თაობაზე. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გავაკეთოთ რამდენიმე განმარტება სექსუალური შევიწროვების თემის სამართლებრივ ასპექტებზე.

საიას მიაჩნია, რომ საქართველოში სექსუალური შევიწროება არის ქალთა დისკრიმინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაფარული ფორმა, რაც ქალებს აყენებს მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებულ მდგომარეობაში, ლახავს მათ ღირსებას, ხელს უშლის მათი პოტენციალის სრულ განვითარებასა და შრომითი ურთიერთობების შენარჩუნებას.

გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი განმარტავს დასაქმების ადგილზე სექსუალურ შევიწროებას, თუმცა, მას არ განსაზღვრავს დასჯად ქმედებად. კანონის თანახმად, დაუშვებელია შრომით ურთიერთობებში სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.’’[1] შრომითი ურთიერთობის გარეთ ასეთ ქმედებას კანონი სრულებით არ განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კანონი აღსრულების მექანიზმებს არ მოიცავს და ქმედებას არც სხვა საკანომდებლო აქტები არეგულირებს - რაც ნიშნავს იმას, რომ პირს, რომელიც სექსუალურ შევიწროებას სჩადის, არც ადმინისტრაციულსამართლებრივი და არც სისხლისსამართლებრივი სანქცია არ ეკისრება.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო აქტები  სექსუალურ შევიწროებას მიიჩნევს, როგორც სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფორმას,[2] საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ ამგვარ დებულებას არ ცნობს. შესაბამისად, კანონი არ იძლევა შესაძლებლობას სექსუალური შევიწროების ჩამდენ პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა.

ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია დააწესოს სისხლისსამართლებრივი ან სხვა სანქცია პირებისთვის, რომლებიც სექსუალურ შევიწროებას სჩადიან.[3]  ქმედება უნდა ისჯებოდეს მიუხედავად იმისა, შევიწროება სამუშაო ადგილას ხდება თუ მის გარეთ.

სექსუალური შევიწროების მსხვერპლები შესაძლოა გახდნენ როგორც ქალები, ასევე  მამაკაცები. ამის მიუხედავად, სექსუალური შევიწროება არის გენდერული დანაშაული - მის მსხვერპლთა უმრავლესობას ქალები, ხოლო დამნაშავეებს მამაკაცები წარმოადგენენ. სამუშაო ადგილას ქალთა სექსუალური შევიწროება განსაკუთრებით პრობლემურია, ვინაიდან ქალები, არსებული გენდერული და სამსახურებრივი იერარქიების გამო, ორმაგი ზეწოლის ქვეშ შეიძლება მოექცნენ. ვინაიდან სექსუალური შევიწროების ჩამდენთათვის კანონმდებლობა სასჯელს არ ითვალისწინებს და, ამასთანავე, ამგვარ შევიწროებაზე საუბარი მსხვერპლებისთვის უკავშირდება სტიგმას, დამნაშავეები  სრულებით დაუსჯელი, ხოლო ამგვარი ქმედებები გამოვლენის გარეშე რჩება.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტს, უსწრაფეს ვადებში მოახდინოს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება და კონვენციის მოთხოვნების თანახმად სექსუალური შევიწროება გახადოს დასჯადი ქმედება. ამგვარი მუხლის ძალაში შესვლამდე სასამართლომ მიიჩნიოს სექსუალური შევიწროება, როგორც სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფორმა.


[1] საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, მუხლი 6.1 (ბ)

[2] იხ. მაგ. ევროპული პარლამენტის და საბჭოს დირექტივა 2002/73/EC, 23 სექტემბერი, 2002 წელი. ხელმისაწვდომია ბმულზე: http://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A32002L0073

[3] ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ, მუხლი 40.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge