სახალხო დამცველის აპარატისა და საიას დახმარებით პატიმრებმა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ დავები მოიგეს

2021 წლის მარტიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით და USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, დაიწყო საპილოტე პროექტის განხორციელება, რომლის მიზანიც პატიმრებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა იყო. პროექტის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატისა და საიას მიერ მოხდა იმ შემთხვევების იდენტიფიცირება, სადაც პატიმრების მიმართ სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის უკანონოდ გამოყენების პრაქტიკა დგინდებოდა.   

წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად, ჯამში შეირჩა 10 პატიმრის საქმე, რომელთა მიმართაც გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვადასხვა ზომა. სასამართლოში წარმომადგენლობას საია ახორციელებდა.

ამ დროისთვის რუსთავისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებში უკვე დასრულდა 5 საქმის განხილვა.  ხუთივე საქმეზე სასამართლოებმა დააკმაყოფილეს სასარჩელო მოთხოვნები და შესაბამისად, უკანონოდ იქნა ცნობილი კონკრეტული პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. დანარჩენ ხუთ საქმეზე სასამართლო განხილვა ჯერჯერობით გრძელდება.

სასამართლომ მიიჩნია, რომ პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე მოხდა და დაწესებულებამ სასამართლოს ვერ წარუდგინა იმ დარღვევების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა გამოც პატიმრებს  დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ.

აღსანიშნავია, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურა, როგორც წესი, უშუალოდ პატიმრის ჩართულობის, ზეპირი მოსმენისა და ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების გარეშე მიმდინარეობს. დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილება პატიმრის დისციპლინური სახით დასჯის შესახებ უმეტეს შემთხვევაში დაუსაბუთებელია. ხშირად პატიმრებს არათუ ამ პროცესში ჩართულობისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა არ აქვთ, არამედ - კანონმდებლობით დადგენილი წესითაც კი, არ ხდება მათთვის აქტების ჩაბარება. 

მაგალითად, ერთ-ერთმა მოსარჩელე პატიმარმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის გამო სატელეფონო საუბრის აკრძალვის შესახებ, რაც ერთ დღეს გადაწყვიტა ზარის განხორციელება და ამის უფლება მას დაწესებულების ადმინისტრაციამ არ მისცა.

პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა დისციპლინური წესით დასჯის ხარვეზიან და ხშირ შემთხვევაში უკანონო/დაუსაბუთებელ პრაქტიკაზე სახალხო დამცველის აპარატი წლებია საუბრობს. 2019 წელს ამ საკითხს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშიც მიეძღვნა. 

სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით იდენტიფიცირებულმა, საიას წარმოებაში არსებულმა ამ ათმა საქმემ კიდევ ერთხელ ცალსახად დაადასტურა, რომ პენიტენციური დაწესებულებები შაბლონურად, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, იღებენ პატიმრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების გადაწყვეტილებას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დაბალია ამ ტიპის საქმეებზე პატიმრების სასამართლოებისათვის მიმართვიანობა მთელი რიგი დაბრკოლებების გამო, მათ შორის, ბაჟის გადახდის ვალდებულების გამო.

საია აგრძელებს პატიმართა კანონიერი ინტერესების წარმომადგენლობას სასამართლოში იმ საქმეებზე, რომლებზეც წარმოება ჯერ არ დასრულებულა და იმედოვნებს, რომ ამ შემთხვევებშიც სასამართლოები დააკმაყოფილებენ პატიმართა საჩივრებს.

ამასთან, სახალხო დამცველის აპარატი და საია იმედოვნებენ, რომ ეს საპილოტე პროექტი და მიღწეული დადებითი შედეგები, სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები პოზიტიურ გავლენას მოახდენს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების არსებულ პრაქტიკაზე. 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge