საჯარო სამსახურებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის სათანადო რეგულაციების საჭიროების შესახებ

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საჯარო დაწესებულებების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის თემა საკმაოდ ხშირად ხდებოდა საზოგადოებისა და მედიის განხილვის საგანი. მწვავე კრიტიკას იმსახურებდა საჯარო მოხელეთა მიერ ძვირადღირებული ავტომანქანების სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შესყიდვა.
 
სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც დაკავშირებულია საჯარო დაწესებულებების მხრიდან საბიუჯეტო სახსრების განკარგვასთან, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობით, მსოფლიოს მასშტაბით სახელმწიფო შესყიდვების წილი ერთიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 10-15%-ს უტოლდება. შესაბამისად, ეფექტური სისტემის არსებობა წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი და რაციონალური ხარჯვის უმთავრეს გარანტს. 
კვლევამ, რომელზეც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მუშაობდა აჩვენა, რომ როგორც ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების უმრავლესობა სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების სამართლებრივ საფუძვლად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობას ასახელებს და მათ არ გააჩნიათ კონკრეტული წესების დამდგენი შიდაორგანიზაციული ხასიათის რაიმე სამართლებრივი აქტი.
 
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და საერთაშორისო გამოცდილების შედარებითმა ანალიზმა კი ცხადყო არსებული რეგულირების არასრულფასოვანი ხასიათი. გარდა იმისა, რომ საკანონმდებლო ბაზა არ მოიცავს მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი პრინციპების ჩამონათვალს, როგორიცაა ფულის ღირებულების საუკეთესოდ გამოყენების, ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი შეთავაზების, რისკების მართვის, ეფექტური ზედამხედველობისა და სხვა პრინციპებს, ამასთანავე, განიცდის კონკრეტული დანაწესების არსებობის ნაკლებობას, როგორც სახელმწიფო შესყიდვის დაგეგმვის, ისე მიზნობრიობისა და საბიუჯეტო შესაბამისობის განსაზღვრის სტადიაზე. შესაბამისად, ბუნდოვანია ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც საჯარო დაწესებულებები ახდენენ განხორციელებული შესყიდვის რაციონალურობის დადგენას. არსებული სამართლებრივი გარემო კი თავისთავად ზრდის საჯარო მოხელეთა მხრიდან სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღებისა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკს.   
 
ამ ფონზე პრობლემის აქტუალურობასა და კონკრეტული სამართლებრივი ჩარჩოს დადგენის საჭიროებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ის ფაქტი, რომ საიას მიერ შესწავლილმა 27-მა საჯარო დაწესებულებამ, ბოლო ორი წლის მანძილზე 61 439 788  ლარის, 16 545 081 დოლარისა და 110 000 ევროს ღირებულების 2146 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეისყიდა.  
 
ცალკე უნდა აღინიშნოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების  უსასყიდლოდ გადაცემის შემთხვევები. ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ნათელი ხდება, რომ საჯარო დაწესებულებებს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ გადაცემის შემთხვევაში იკვეთება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტის - საჭიროების მაჩვენებლის ნაკლებობა, ხოლო ფიზიკურ და კერძო/საჯარო სამართლის იურიდიულ პირების შემთხვევაში კი ავტოსატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ გადაცემის ლეგიტიმური მიზნის არ არსებობა. ამ პროცესში განსაკუთრებით დიდ როლს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასრულებდა, რომელსაც 2011 წლის იანვრიდან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სხვადასხვა კერძო პირმა ჯამში 87 ავტოსატრანსპორტო საშუალება გადასცა საჩუქრად. 
 
მთლიანობაში მოვლენები, რომელიც ბოლო წლებში საჯარო დაწესებულებების მიერ ავტოსატრნსპორტო საშუალებების შეძენის ირგვლივ ვითარდებოდა ნათლად მიანიშნებს, რომ საჭიროა, ამ მიმართულებით კონკრეტული რეგულაციების შემოტანა. რეგულაციების, რამაც, ერთის მხრივ, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვა უნდა უზრუნველყოს, ხოლო, მეორეს მხრივ,  საჯარო მოხელეთა მხრიდან სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების რისკი  უნდა შეამციროს.
 
სოფო ჭარელი
პროექტის იურისტი
პროექტი - „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
 
 
 
 
 
 
 
 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge