საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარმოებული სასამართლო დავები სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2017 წლის 14 დეკემბერს გამართავს პრესკონფერენციას, სადაც წარმოადგენს კვლევის პრეზენტაციას - „საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარმოებული სასამართლო დავები სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ.“  კვლევა მოიცავს 2012 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს და ეფუძნება სამინისტროებიდან და თვითმმართველი ქალაქებიდან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი) მიღებულ საჯარო ინფორმაციას.

კვლევაში მოცემულია საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურიდან გათავისუფლების გამო სასამართლოში წარდგენილი სარჩელების რაოდენობა და გათავისუფლების გასაჩივრებული საფუძვლები; სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შედეგები, როგორიცაა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების სამსახურში აღდგენა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი განაცდურის/კომპენსაციის ოდენობა. ასევე, კვლევა აფასებს სასამართლო სისტემაში საქმის განხილვის პროცესს, კერძოდ: სასამართლოს ზედა ინსტანციებში გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხსა და დავის მიმდინარეობის საერთო ხანგრძლივობას.

სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, გამოიკვეთა შემდეგი საკითხები:

- კვლევის პერიოდში საჯარო მოსამსახურეების მიერ სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ სულ შეტანილი იყო 382 სარჩელი (სამინისტროები - 321, თვითმმართველი ქალაქები - 61), რომელთაგან 368 სარჩელი წარადგინეს საჯარო მოხელეებმა (სამინისტრო - 319, თვითმმართველი ქალაქი - 49), ხოლო 14 სარჩელი - შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირებმა (სამინისტრო - 2, თვითმმართველი ქალაქები - 12).

 

- კვლევის პერიოდში 153 საქმეზე დასრულდა წარმოება და კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო 166 საქმის განხილვა კვლავ მიმდინარეობს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებიდან, სასამართლომ სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა 83 სარჩელი; არ დააკმაყოფილა 61 სარჩელი; საქმე მორიგებით დასრულდა 4 შემთხვევაში; წარმოება შეწყდა 40 შემთხვევაში; ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო, განუხილველი დარჩა 19 საქმე;

- სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ხუთ სამინისტროს (შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს) დაევალა უკანონოდ გათავისუფლებული 25 საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენა, ხოლო 4 თვითმმართველ ქალაქს (ქუთაისის მერია - 8, თბილისის მერია - 6, თბილისის საკრებულო - 5, ფოთის მერია - 5, რუსთავის მერია - 1) დაევალა ასევე 25 საჯარო მოხელის აღდგენა.

- სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამინისტროებმა და თვითმმართველმა ქალაქებმა სულ ჯამში განაცდურის სახით გადაიხადეს 652 269. სამინისტროებმა 27 საჯარო მოხელეს აუნაზღაურეს განაცდური - სულ 373 038 ლარის ოდენობით. თვითმმართველი ქალაქების მიერ საჯარო მოსამსახურეებისათვის გადახდილი განაცდურის ოდენობაა 279 231 ლარი.

კვლევის საფუძველზე, საია წარმოადგენს შემდეგ რეკომენდაციებს:

- საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება, რათა შემცირდეს სასამართლოს მიერ გაუქმებული გადაწყვეტილებების ოდენობა და საჯარო დაწესებულებისათვის დამდგარი უარყოფითი შედეგები;

- საჯარო დაწესებულებებმა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, უზრუნველყონ უკანონოდ გათავისუფლებული ყველა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე;

- სასამართლოს მიერ საქმის დამატებითი განხილვისა და ახალი აქტის გამოცემის დავალებისას, საჯარო დაწესებულებამ სათანადოდ გამოიკვლიოს საქმის დაბრუნების მიზეზები და, ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში, შეცვალოს თავდაპირველი გადაწყვეტილება საჯარო მოსამსახურის სასარგებლოდ;

- საჯარო დაწესებულებებმა შეცვალონ სასამართლო გადაწყვეტილების სამივე ინსტანციაში გასაჩივრების პოლიტიკა და თავი შეიკავონ სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებისაგან, თუ გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებულია, რათა შეამცირონ საქმის განხილვის პერიოდი და საჯარო მოსამსახურისათვის განაცდურის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge