რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების მოტივით სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დავა მოუგო. მის ინტერესებს საია იცავდა. სამივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სამსახურიდან გათავისუფლება არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გათავისუფლებული თანამშრომლის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში აღდგენის დღემდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
სამსახურიდან გათავისუფლებული პირი ასაჩივრებდა იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც მოხდა მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა (ფაქტობრივად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა შტატების შემცირების გამო). იგი აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლება უკანონოდ განხორციელდა, რადგან ის პოზიცია, რომელსაც ადმინისტრაციულ ორგანოში მანამდე იკავებდა, არ იყო გაუქმებული, იგივე ფუნქციური დანიშნულებით კვლავაც არსებობდა და ამავე პოზიციის დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მობილობის პროცედურის არსებითი დარღვევით გამოსცა ბრძანება დასაქმებულის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა შესახებ.
სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ დადგინდა ის გარემოება, რომ თანამდებობა, რომელიც ეკავა მოსარჩელეს, არსებობდა უწყებაში და მის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა, რის გამოც ცალსახად დაუსაბუთებელი იყო სადავო გადაწყვეტილება მოსარჩელის მობილობის შეუძლებლობის გამო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ.
საერთო სასამართლოებში აღნიშნული საქმის განხილვა 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge